კულახმეტოვი: რუსული კონტიგენტი პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე არ გავა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მარატ კულახმეტოვი “კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსული სამშვიდობო კონტიგენტი არ დატოვებს კონფლიქტის ზონას იმისდამიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი.


პარლამენტის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ “არაფერიც არ იქნება. სამშვიდობოები გააგრძელებენ თავიანთი ამოცანების შერულებას, რადგანაც პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის სამშვიდობოთა მოქმედების სახელმძღვანელო. ჯერ ერთი, ჩვენ ვემორჩილებით შერეულ საკონტროლო კომისიას და ვასრულებთ მათ გადაწყვეტილებებს. და მეორეც, სამშვიდობო კონტიგენტის შემოყვანის თაობაზე გადაწყვეტილება 1992 წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების დონეზე იქნა მიღებული და მხოლოდ ამავე დონეზე შეიძლება გადაწყდეს მათი გაყვანის საკითხიც“, – აცხადებს კულახმეტოვი.


თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებაზე, რომ საქართველო “აიძულებს რუს სამშვიდობოებს დატოვონ” კონფლიქტის ზონა მათი უარის შემთხვევაში, კულახმეტოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობოებს მანდატით აქვთ მინიჭებული უფლება ძალის გამოყენების თაობაზე.


“თუ ისინი [ქართული მხარე] აპირებენ აქ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების შემოყვანას, ეს იქნება საზარბაზნე ხორცი. ამასთან ეს იქნება აბსოლუტურად არასამართლებრივი ოპერაცია მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან კი სამართლებრივი, რადგანაც ჩვენ თავს დავიცავთ“, – აცხადებს სამშვიდობოთა მეთაური, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ “აქამდე საქმე არ მივა”.  


მისი თქმით, სამშვიდობოებზე ანტირუსული რიტორიკა საქართველოს “ანტირუსული პოლიტიკის” ნაწილია.


“ისინი [ქართული მხარე] მუდმივად პროვოკაციებზე მიდიან. და ისინი პროვოკაციაზე წავლენ, რომ მაიძულონ იარაღი გამოვიყენო…რათა შემდეგ თქვან: რა ცუდები არიან ეს სამშვიდობოები… [ძალას გამოვიყენებთ] თუ ჩვენს სამხედროებს საფრთხე შეექმნებათ… მე ყოველდღე ვეუბნები ჩემს ჯარისკაცებს:ჩვენ სამშვიდობოები ვართ, ჩვენ აქ მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ ნაცვლად სროლისა”, – განაცხადა კულახმეტოვმა.


“აქ ყველაზე დიდი პრობლემაა დიდი რაოდენობის იარაღის არსებობა მოსახლეობაში. [ადგილობრივი მოსახლეობის] განიარაღება არ იქნება დღის წესრიგში, სანამ სიტუაცია ასეთი სავალალოა, სანამ ადგილობრივ მოსახლეობას არ ექნება სტაბილურობის შეგრძნება… დემილიტარიზაცია მაშინვე დაიწყებოდა, სიტუაცია სტაბილური რომ ყოფილიყო… განიარაღება ჩვენი მანდატის ნაწილია, თუმცა პოლიტიკური ნებაა საჭირო, გარანტიები ორივე მხრიდან საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე”, – განაცხადა კულახმეტოვმა.  
 

Exit mobile version