საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერი დავით გამყრელიძე ეჭვობს, რომ სამშვიდობოებთან დაკავშირებით ხელისუფლება “უკან დახევას აპირებს“.
გამყრელიძის თქმით, ამის საფუძველი მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ 6 თებერვალს, დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ პარლამენტში გაკეთებულმა განცხადებამ მისცა.
ნოღაიდელმა განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანა არასოდეს ყოფილა ქართული მხარის თვითმიზანი. “გვინდოდა, რომ რუს სამშვიდობოებს შეესრულებინათ თავიანთი მანდატი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 6 თებერვალს, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს გაფართოვებულ შემადგენლობას ცხინვალის რეგიონში განლაგებულ სამშვიდობოებთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს.
“პრემიერ–მინისტრის გუშინდნელ განცხადებებში უკვე შევნიშნე შეცვლილი ტონი, უცნაური განცხადებები იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის დროს დააკვირდებიან რა პოზიციას დაიკავებენ ცისფერჩაფხუტიანები. უკვე სულ სხვა ფომატზეა საუბარი ანუ ხელისუფლება აპირებს, რომ გაყვანის საკითხი გადადოს გაურკვეველი ვადით… რაც ძალიან ცუდი იქნება“, – განუცხადა 7 თებერვალს დავით გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედს“.