კულახმეტოვი: კონფლიქტის ზონაში დამატებითი საგუშაგოები ჯერ არ გახსნილა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა 2 თებერვალს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ სამშვიდობო ძალებს ჯერ არ მიუღიათ დამატებითი ზომები კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.


14 იანვარს კულახმეტოვმა რუსი და ოსი სამშვიდობოების წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ამ მიზეზით სამშვიდობო კონტიგენტის შესაძლო გაზრდის თაობაზე გააკეთა განცხადება.

თბილისმა ამ განცხადებას “გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდა, რაც “კონტრპროდუქტიულ შედეგს“ გამოიღებს, ქართული მხარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.


“დამატებითი პოსტები ჯერ არ გაგვიხსნია, სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები საშტატო რეჟიმში აგრძელებენ სამსახურს“, – განაცხადა 2 თებერვალს მარატ კულახმეტოვმა.


მისი შეფასებით, რეგიონში სიტუაცია დაძაბული რჩება, თუმცა გასულმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.


ცხინვალის რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანასთან შეჯახებას რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართულმა მხარემ რუსი სამშვიდობოების კუთვნილი მანქანა ავტოავარიის მოკვლევის მიზნით გორში გადაიყვანა.


“მანაქანა ჯერ არ დაუბრუნებიათ, ქართული მხარე ჯერ აგრძელებს ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიებას, რომელშიც ეს ავტომანქანა მონაწილეობდა“, – აცხადებს კულახმეტოვი.

Exit mobile version