საქართველოს მთავრობა არ აკონკრეტებს, თუ რა ფასად იძენს 30 იანვრიდან საქართველოში შემოსულ ირანულ ბუნებრივ აირს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის ნავთობის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოჰამედ-ჰადი ნეჯად-ჰოსეინიანის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი თვის განმავლობაში ირანი საქართველოს 30 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. IRNA-ს ცნობით, გარიგების საერთო ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“კომერციული ხელშეკრულებებისას რიგ შემთხვევაში აუცილებელია, რომ იყოს გარკვეული კონფიდენციალობა დაცული, ეს ხელშეკრულებებშიც დევს“, – განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ და უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის ჟურნალისტები ენერგეტიკის მინისტრთან გადაამისამართა.
თუმცა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ისევე როგორც კომენტარზე უარი თქვა სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ იმ მოტივით, რომ “კომპეტენტურ კომენტარს ვერ გავაკეთებს საკითხზე, რომელიც არ ვიცი“.
ირანი და საქართველო 27 იანვარს შეთანხმდნენ, რომ ირანი 2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ერთი თვის განმავლობაში მოაწვდის საქართველოს აზერბაიჯანის გავლით. თუმცა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ფასი თავიდანვე გაასაიდუმლოვეს, აცხადებდნენ რა, რომ ის “სიმბოლურია“.