ოქრუაშვილი ტყვიავის ინციდენტზე რუსი სამშვიდობოებისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუს სამშვიდობოებსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სოფელ ტყვიავში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა, რომ მიუხედავად კონფლიქტის ესკალაციის საშიშროებისა, “ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით [რუს სამშვიდობოებს]“.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა, რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქართული მედიის ცნობით, ტყვიავში რუსმა სამშვიდობოებმა 11 ერთეული ჯავშანტექნიკა განალაგეს.

“ბუნებრივია, ეს იყო საკმაოდ თავხედური გამოხდომა მათი მხრიდან, როდესაც მოახდინეს მძიმე ტექნიკის მობილიზება სოფელ ტყვიავში, მსგავსი ფაქტი, მე არ მახსოვს, რომ გაებედოთ მათ. ამიტომ ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით და მაინც ჩამოვართვით ის [რუსი სამშვიდობოების კუთვნილი] მანქანა მიუხედვად იმისა, რომ მცირე დაძაბულობა არსებობდა და იყო საშიშოება კონფლიქტის ესკალაციისა. ჩვენმა სამხედროებმა იმოქმედეს საკმაოდ დიდი გულისხმიერებით“, – განაცხადა 1 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილმა.


ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს ის მანქანა ჩამოართვა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამჟამად მანქანა გორშია გადაყვანილი.


“ბუნებრივია, რომ სამხედრო პოლიციამ და ასევე კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულმა სამშვიდობო ჯარის ქართულმა კონტიგენტმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის და ჩამოერთმიათ ის მანქანა, რომლითაც მოხდა ქართველი მოქალაქის მანქანის დაზიანება“, –  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, რუსი სამხედროები განსაკუთრებით “თავხედურად და თვითნებურად” იქცევიან.


“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ რაც ისინი საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს ამ ინციდენტზე და რაც აუნაზღაურებენ ზარალს იმ მოქალაქეს, რომელსაც მიაყენეს დაზიანება, ბუნებრივია, ჩვენ ამის შემდეგ გადავცემთ მათ მანქანას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს ინციდენტი ამოწურულად“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Exit mobile version