ნოღაიდელმა და კინახმა ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და თბილისში ვიზიტად მყოფმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ანატოლი კინახმა ორი ქვეყნის ენერგეტიკაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.


“ჩვენ განვიხილეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა საქართველოსთვის, უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ შევათანხმეთ პოზიციები მანამ, სანამ მარტის შუა რიცხვებში გაიმართება ამ საკითხების განხილვა სუამის [საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა] საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრების თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე“, –  განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 31 იანვარს ჟურნალისტებს ანატოლი კინახთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


ანატოლი კინახის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან ენერგომოწოდების დივერსიფიცირებას.


“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევამციროთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ–ეკონომიკური დამოკიდებულება ერთი რეგიონის ენერგორესურსებზე. ყველა საკითხი, მათ შორის კონფლიქტების მოგვარება და თანამშრომლობა უნდა ემყარებოდეს თანაბარ, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას ორმაგი სტანდარტებისა და პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის მცდელობების გარეშე“, – განაცხადა კინახმა.

Exit mobile version