30 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსზე რუსეთმა ისეთ გადაწყვეტილებას უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც უნივერსალური იქნება და მიესადაგება პოსტ–საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარებას.
ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებს მიმართა სიტყვით, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ საერთაშორისო პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, არამედ პოსტ-საბჭოთა სივრცის პრაქტიკული ინტერესების თვალსაზრისითიც. შემოთავაზებული გადაწყვეტილებების ყველა ვარიანტს, რომელთაც თქვენ განიხილავთ – მინდა გთხოვოთ, რომ შეახსენოთ ამის შესახებ კოლეგებს – უნდა ჰქონდეს უნივარსელური ხასიათი. პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ ვერ ვივლით იმ გზაზე, რომლის მიხედვითაც ერთ ადგილას ერთ პრინციპებს გამოვიყენებთ, მეორეში კი მეორეს“, – განაცხადა პუტინმა.
ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:
„აუცილებლად გავაკეთებთ ამას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოსამზადებელი მუშაობის დროს ჩვენი პარტნიორები საკონტაქტო ჯგუფიდან ცდილობენ ჩაწერონ ამ ჯგუფის დოკუმენტებში თეზისი იმის შესახებ, რომ კოსოვო არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც არ შეიძლება რომ სხვა პრეცედენტები შექმნას. თქვენი ინსტრუქციები შესრულდება“.
„უნიკალური იმათთვის არის, ვისაც სურს გვერდი აუაროს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – განაცხადა პუტინმა.
კოსოვოს კონფლიქტის თაობაზე შექმნილ საკონტაქტო ჯგუფში შედიან: აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და იტალია.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი უკვე მიესალმა პუტინის ამ განცხადებას და “პრინციპულად ახალი მიდგომა“ უწოდა. “ამით პირდაპირ იხსნება გზა ე.წ “გაყინული“ კონფლიქტების მოგვარებისაკენ“, – განუცხადა 30 იანვარს საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმს“ კოკოითმა.