სოხუმი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში შეიარაღებულ კონფლიქტზე საუბრობს

30 იანვარს მიღებულ განცხადებაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დაგმოს საქართველოს “სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკა“ და გააფრთხილა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში “ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაციაა“ მოსალოდნელი, იტყობინება “აფსნიპრესი“.


“დსთ-ს სამშვიდობო ძალები მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მთავარ გარანტს წარმოადგენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 1 ივლისისთვის უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე და თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 ივლისიდან სამშვიდობოთა გაყვანის დაწყებას მოითხოვენ.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “გალის რაიონის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური აფხაზები არიან, რომელთა ასიმილაციაც ხელოვნურად მოხდა სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის დროს“.


“თბილისის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები გალის რაიონის ქართული მოსახლეობის დაცვის თაობაზე მოგონილია და მათი აგრესიული გეგმების დამალვას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version