ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას გამოსვლა
ნიუ-ორკი, 2006 წლის 26 იანვარი
ბ-ნო თავმჯდომარევ,
თქვენო აღმატებულებავ,
პატივცემულო კოლეგებო,
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა წარვსდგე გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე და ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ აფასებს საქართველო აფხაზეთში, საქართველო, გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მთავარი მონაწილეების საქმიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ქ-ნ ჰეიდი ტალიავინს სამშვიდობო პროცესის წარმატებით განხორციელების მიზნით გაწეული დაუღალავი მუშაობისთვის.
ბ-ნო თავმჯდომარევ,
საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას მის მიერ შემუშავებული პრო-აქტიური მონაწილეობის პოლიტიკის შესაბამისად. ამ ინიციატივის პრინციპული მნიშვნელობის ელემენტი კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ გადაწყვეტას ეფუძნება, რაც როგორც აფხაზების, ისე ქართველების კანონიერი ინტერესების აღიარების გზით უნდა განხორციელდეს.
მე მინდა მოკლედ მოგახსენოთ ამ მიმართულებით საქართველოს მხარის მიერ გადაგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას:
გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა კეთილი ნება და დაადასტურა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მხარს უჭერს იმ ახლებურ აზროვნებასა და მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ჩვენს აფხაზ პარტნიორებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას. მან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შესთავაზა აფხაზ ლიდერს შეხვედრის გამართვა შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმის ძირითადი პრინციპები და ასევე კანონიერი და ხელსაყრელი პირობები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.
კონფლიქტის მოწესრიგების გზაზე ბოლო დროს გარკვეული პოზიტიური ძვრები აღინიშნა, კერძოდ, საუბარი მაქვს ეკონომიკური კავშირების აღდგენის მიზნით გაწეულ ძალისხმევასა და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისაკენ იყო მიმართული. მინდა რუსეთის მხარეს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასების წარმატებით დასრულება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რკინიგზის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფის ბოლოდროინდელი სხდომა, რომელიც მოსკოვში გაიმართა, ხელს შეუწყობს ამ ორმხრივად ხელსაყრელი პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას.
ჩვენს მიერ შემუშავებულ პრო-აქტიური მონაწილეობის პოლიტიკას ხანგრძლივი მიზნები გააჩნია, რაც გულისხმობს იზოლაციიდან აფხაზი საზოგადოების გამოყვანას, მათ შორის დემოკრატიული ღირებულებებისა და მრწამსის დანერგვას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ძირითადი უფლებების, პირველ რიგში საცხოვრებელ სახლებში მათი დაბრუნების უფლების აღიარებას, მიუხედავად ამ პირთა ეთნიკური წარმომავლობისა, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს დამყარებას.
მიუხედავად საქართველოს მხარის მცდელობისა შეენელებინა დაძაბულობა და გარკვეული პროგრესისთვის მიეღწია მხარეთა შორის არსებული მწვავე ურთიერთობების განმუხტვის თვალსაზრისით, ჩვენ შემაშფოთებელ ტენდენციებს ვაწყდებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებებსა თუ ქმედებებში.
კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გალის რაიონში, უსაფრთხოებისა და უშიშროების მინიმალური ნორმებიც კი არ არის დაცული. ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, საფრთხის ქვეშაა თავიანთ სახლებში სტიქიურად დაბრუნებული ადამიანების სიცოცხლე. სამწუხაროდ, გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩემი მონაწილეობის შემდეგ, ძალზედ მცირე რამ შეიცვალა, თუ საერთოდ შეიძლება იყოს საუბარი რაიმე ცვლილებაზე. კვლავაც გრძელდება ქართული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისაკენ მიმართული ქმედებები. კვლავაც ინგრევა საქართველოს ისტორიული ძეგლები, ეკლესიები და მონასტრები. ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული და ბავშვებს წართმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ გალის რაიონში განხორციელებული ძალადობის აქტებით, რადგან ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. აფხაზეთის მხარე უნდა დათანხმდეს გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის შენაერთის შეყვანასა და ასევე გაეროს/ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ფილიალის გახსნაზე.
აფხაზეთის ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისაგან, რომლებიც მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული და შეუთავსებელია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებთან. ცნობისათვის, რამდენიმე ხნის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ წამოიწყო დაბრუნებული პირების იძულებითი პასპორტიზაცია, უარის შემთხვევაში ამ პირებს გასახლებით ემუქრებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა კვლავაც გრძელდება.
ბ-ნო თავმჯდომარევ,
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მიუხედავად სავალალო ვითარებისა, ჩვენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულნი ვრჩებით, რამაც კონფლიქტის მოგვარების გზა უნდა გვაპოვნინოს. მაგრამ სეპარატისტული რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძირეული საკითხია, მიუხედვად იმისა თუ რომელ ეტაპზეა სამშვიდობო პროცესი. ბოლო დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა: უშიშროების საბჭოს თოთოეულ წევრ ქვეყანას, ისევე როგორც მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ აფხაზეთის სტატუსი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ეს პოსტულატი შესაბამის ასახვას ჰპოვებს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის ყველა რეზოლუციაში.
დღეს კი ვაწყდებით ამ ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო მოვლენათა მოულოდნელ და შემაშფოთებელ განვითარებას. უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელი და სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლის შემსრულებელი ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას უარი თქვას ისეთი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერაზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღნიშნული უარი ვრცელდება ე.წ. ბოდენის დოკუმენტზეც:»თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა განაწილების ძირითადი პრინციპები», რომელიც წარმოადგენს მთლიანი სამშვიდობო პროცესის პოლიტიკური დარეგულირების ძირითად დოკუმენტს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომების ისტორიაში პირველად ჩვენ არა გვაქვს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი.
ბ-ნო თავმჯდომარევ,
მუდმივი ხუთეულის (P5) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის პოზიციის შეცვლა არ წარმოადგენს მხოლოდ მცირე გადახვევას ან კორექტირების მცდელობას. საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპზე უარის თქმა ნიშნავს შემდეგს:
• სეპარატიზმის, როგორც ფენომენის, მხარდაჭერას;
• საქართველოს 300 ათასზე მეტი მოქალაქის ეთნიკური წმენდის დაკანონებას;
• თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის ძირითადი პრინციპის -– ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებას.
ბ-ნო თავმჯდომარევ,
მე გახლავართ იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებიც იძულებით იქნენ გამოსახლებულნი თავიანთი სახლებიდან და რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. მე გახლავართ იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებიც დევნილებაში ყოფნის თითოეულ დღეს ითვლიან და იმედის თვალით უყურებენ საბჭოს მუშაობას და მის მიერ მიღებულ რეზოლუციებს. მე წარმოვადგენ იმ საზოგადოებას, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთის, საქართველო, სამშვიდობო პროცესში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს.
როგორ შემიძლია ავუხსნა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ იმ ქვეყანას, რომელიც სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლს ასრულებს და ადგილზე ხელმძღვანელობს სამშვიდობო ოპერაციას, ასეთი საშიში პოზიცია უკავია?
რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო სამშვიდობო ოპერაციას -–ე.წ. დსთ-ს სამშვიდობო ოპერაციას,– რომელსაც ფაქტიურად მხოლოდ რუსეთის ფედერაცია წარმართავს. 2005 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური განცხადება, რომელშიც დსთ-ს სამშვიდობო ძალების საქმიანობა საკმაოდ უარყოფითადაა შეფასებული და სავსებით საფუძვლიანადაც. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და მის საჯარისო შენაერთებს ეკისრებათ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს:ორი ათასამდე ქართველი დაიღუპა დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ზონაში, 1994 წელს ამ ძალების განლაგების დღიდან.
დღითიდღე ძლიერდება ქართული მოსახლეობის უნდობლობა სამშვიდობო ძალების მიმართ, განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც მათი მანდატი ვრცელდება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სამშვიდობოებში მიუკერძოებელი საერთაშორისო შენაერთის ნაცვლად, ორი საზოგადოების გამყოფ კედელს ხედავს.
უფრო მეტიც, ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს დიპლომატიური არათანმიმდევრულობის უპრეცედენტო გამოვლინება რუსეთის მხრიდან. კერძოდ, რუსეთი არ ცნობს სამშვიდობო გეგმას, რომელსაც 2005 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა თვითონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს 54 წევრ სახელმწიფოსთან ერთად. ეს დამატებით საფუძველს გვაძლევს ეჭვქვეშ დავაყენოთ რუსეთის უნარი და სურვილი შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი შუამავლის როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ბ-ნო თავმჯდომარევ,
დრო არ ითმენს. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ჩვენს თვალწინ ხდება ისეთი მოვლენები, რომლებსაც შეუძლია მთლიან სამშვიდობო პროცესში არსებული მოჩვენებითი სტაბილურობის აფეთქება გამოიწვიოს. ამ ვითარებაში, უშიშროების საბჭო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რჩება იმ ინსტიტუტებად, რომლებმაც გამოსავალი უნდა იპოვონ. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, მზად ვართ ვიმოქმედოთ პასუხიმგებლობით, დავიცვათ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და მოვუწოდებთ თითოეულ წევრ სახელმწიფოს ყველა ღონე იხმაროს აფხაზეთის, საქართველო, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. გვწამს, რომ ჩვენ – აფხაზები და ქართველები – მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ–სამშვიდობო პროცესის არსებითად დაჩქარებას. მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ქმედითი, თანმიმდევრული და გონივრულად შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც გაეროს მტკიცე მხარდაჭერით ისარგებლებს და შესძლებს ხელი შეუწყოს მტკიცე მშვიდობის დამყარებას და მთელ რეგიონს სტაბილური განვითარების შანსს მისცემს.
გმადლობთ.