ირანული გაზი საქართველოში შემოვიდა

35 წლის შემდეგ საქართველოში ირანული გაზი კვლავ შემოვიდა, მას შემდეგ, რაც სათბობ–ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 30 იანვარს მარნეულში აზერბაიჯანიდან შემომავალი გაზსადენის ონკანი საჯაროდ გახსნა.


“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა საქართველოს სამი ქვეყნიდან [რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი] აქვს გაზის დივერსიფიცირებული მიღება… ანუ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ, ტექნიკური თუ სხვა რაიმე პრობლემის შემთხვევაში, 2–3 ქვეყნიდან მიიღოს გაზი“, – განაცხადა 30 იანვარს ნიკა გილაურმა.


ნიკა გილაურის განცხადებით, ირანული გაზის მოწოდება მინიმუმ 10–15 დღის ან ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, “იმის მიხედვით, თუ როგორი სტაბილურობით მოგვეწოდება რუსეთიდან გაზი“.


“ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ეს [ირანული გაზი] ფორსმაჟორულ რეჟიმში გვქონდეს ყოველთვის დარეზერვებული იმისათვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება ხოლმე საქართველოს გაზით მომარაგებას“, – დასძინა მან.


საქართველო ირანიდან გაზს იმ გაზსადენით იღებს, რომელიც გასულ წელს გარემონტდა.


საქართველოს ენერგიტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გაზის მოწოდება გრძელდება აზერბაიჯანიდანაც და დასძინა, რომ გაზმომარაგება აზერბაიჯანიდან და ირანიდან – დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი – საქართველოს მოთხოვნის 30%-ს ფარავს.


“ეს [ირანული გაზი] ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ალტერნატივას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 29 იანვარს.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც “ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ირანული გაზი შემოვიდოდა საქართველოში, ამის შემდეგ უფრო დაჩქარდა სარემონტო სამუშაოები რუსეთის მხარეს“.


რუსეთმა საქართველოს გაზის მიწოდება 29 იანვარს აღუდგინა. გილაურის თქმით, რუსული გაზი უკვე მიეწოდება თბილისს, ქუთაისს, გორს, თელავს და რუსთავს.


„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მაქსიმუმ 3–4 დღის განმავლობაში მოვახერხებთ მთელი საქართველოს გაზით მომარაგებას“, – განაცხადა გილაურმა.


საქართველო მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე იძულებული გახდა გაზის მომარაგების ალტერნატიული წყარო ეძებნა.


ირანი და საქართველო 27 იანვარს შეთანხმდნენ, რომ ირანი 2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოაწვდიდა საქართველოს აზერბაიჯანის გავლით.



თუმცა, ოფიციალური პირები თავს იკავებენ გაზის იმ ღირებულების გამჟღავნებაზე, რასაც საქართველო ირანულ გაზში გადაიხდის, აცხადებენ რა, რომ “ფასი სიმბოლური იქნება“.


გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის ერთთვიანი გარიგება იმ პირობით, რომ გაზის მოწოდება კვლავ აღდგება ანალოგიური საგანგებო ვითარების დროს.


საქართველომ გაზის მოწოდებისთვის ირანს ინ ფონზე მიმართა, როცა ირანი თავისი ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო ზეწოლას განიცდის.


მაშინ როცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ირანთან გარიგებამ შესაძლოა დასავლეთი გააღიზიანოს, სხვები ამ შეშფოთებას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.   


გაზეთ “რეზონანსში“ გამოქვეყნებულ კომენტარში ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება თავი შეიკავოს ირანთან გარიგებისგან 2 თებერვლამდე, როცა საერთაშოსო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს საგანგებო შეხვედრაა დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, გადაეცეს თუ არა ირანის დოსიე გაეროს უშიშროების საბჭოს განსახილველად. 


თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ირანთან გარიგებას არ მოყვება სერიოზული პოლიტიკური შედეგები.


“თუ ჩვენ განვიხილავთ ამ გარიგებას მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგებო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, დროებითი ხასიათის იქნება. თუმცა, თუ ჩვენ მას საშუალოვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, სიტუაცია იცვლება, რადგანაც არსებობს შაჰ-დენიზის პროექტი [ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის დასრულებაც წელს იგეგმება], რომელიც მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო იქნება“, – განუცხადა არჩილ გეგეშიძემ “სივილ ჯორჯიას“.


ექსპერტი გიორგი ხელაშვილი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ირანთან მიღწეულ გარიგებას დასავლეთი “გაგებით“ უნდა მოეკიდოს.


“ვფიქრობ, ამას ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დასავლელი პარტნიორებიც გაგებით მოეკიდნენ. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ გარიგების თაობაზე  დასავლელი პარტნიორები წინასწარ ჩააყენა საქმის ყურში, სანამ ირანთან გაზმომარარების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავდა“, – განუცხადა ხელაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ირანულ ალტერნატიაზე ფიქრი, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების პირველივე თვეებიდან დაიწყო.

“ირანში გამგზავრება სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი იყო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი იყო“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


პრეზიდენტი სააკაშვილი ირანს 2004 წლის 6-9 ივლისს ეწვია. პრეზიდენტის ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თეონა დოლიაშვილმა 2004 წლის 27 ივლისს “სივილ ჯორჯია“-ს განუცხადა:

“ირანული გაზი შესაძლოა საქართველოსთვის გაზის მოწოდების ალტერნატიული წყარო გახდეს მხოლოდ საგანგებო ვითარების დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეამცირებს და შეწყვეტს გაზის მიწოდებას [საქართველოსთვის]. ის ვერ იქნება ჩვენი მუდმივი მომწოდებელი, რადგანაც ირანული გაზი უფრო ძვირია“. 

Exit mobile version