ნიკა გილაური თბილისში დაბრუნდა

28 იანვარს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ირანიდან საქართველო ბუნებრივ აირს 29–30 იანვრისათვის მიიღებს, “თუ ყველა ტექნიკური პრობლემა გადაწყდა“. 


მინისტრი ორი დღის განმავლობაში თეირანსა და ბაქოში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე. იგი თბილისში დღეს დაბრუნდა.


“ირანის მხარეს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ ასე მოკლე ვადაში მოახერხეს, რათა ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს უახლოეს მომავალში საქართველომ ირანული გაზი მიიღოს. ჩვენი ვარაუდით კვირას [29 იანვარი] დღის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ ორშაბათს [30 იანვარი] შესაძლებელი გახდება ირანული გაზის მოწოდება საქართველოსთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა თბილისის აეროპორტში.


ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან 2 მლნ კუბამეტრ გაზს იღებს. ამას დაემატება ირანიდან მოწოდებული გაზი, რაც ჯამში 4,4 მლნ კუბამეტრს შეადგენს.

გილაურის თქმით, ირანიდან დამატებითი გაზის მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება თბილსრესის მე-4 და მე-9 ენერგობლოკების ერთდროულად ჩართვა და თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზის“ მაქსიმალურად დატვირთვა.  


თუმცა მინისტრის განცხადებით, გაზით მომარაგების მხრივ შეზღუდვები მაინც გავრცელდება საწარმოებზე.

გილაურმა ასევე განაცხადა, რომ  ელექტროგადამცემი ხაზის “იმერეთის“ აღდგენამდე, რომელიც ავარიულად 26 იანვარს გაითიშა, შეზღუდვები იქნება ელექტრომომარაგების კუთხითაც.

Exit mobile version