საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 იანვარს გვიან ღამით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაემგზავრა, სადაც უკვე შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიპ ერდოგანს და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ გაავრცელა ინფორმაცია.
“შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა, თუ რამდენად გვჭირდება ის მხარდაჭერა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოგვიჩენს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა – იმ ქვეყნებთან, რომლებისგანაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროები“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ.
პრეზიდენტი სააკაშვილი შვეიცარიის კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 25 იანვარს ჩავიდა, თუმცა საქართველოში ენერგოკრიზისის გაუარესების გამო მან 26 იანვარს ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა.