პრემიერ-მინისტრი: საქართველო ენერგობლოკადაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 26 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად „ენერგობლოკადაში“ იმყოფება მას შემდეგ, რაცხ 22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა.


„სამწუხაროდ ენერგობლოკადა გრძელდება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავძლიოთ არსებული ენერგოკრიზისი“, – განაცხადა ნოღაიდელმა პრეს-კონფერენციაზე.


გვიან ღამით ქარბუქის შედეგად დაზიანდა  დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი გადამცემი ხაზი „იმერეთი“. მოგვიანებით თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი ტექნიკური პრობლემების გამო გაითიშა. 


პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ „გაზპრომი“ აზერბაიჯანს დამატებით აირს აწვდის საქართველოსთვის.


„გაზპრომის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, რომ 3 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება ხდება აზერბაიჯანისთვის ყოველდღიურად, რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს გაუზარდოს გაზის მიწოდება, არ არის მართალი“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


„აზერბაიჯანი რუსეთისგან იმ რაოდენობის გაზს იღებს, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის მოხმარებისთვისაა საკმარისი. მაგრამ მიუხედავად ამისა აზერბაიჯანმა შეძლო 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდების შენარჩუნება საქართველოსთვის, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, – დასძინა მან.
„ამრიგად, „გაზპრომმა“ ან უნდა შეწყვიტოს განცხადებების გაკეთება, რომ ის აზერბაიჯანს საქართველოსთვის დამატებით გაზს აწვდის, ან თუ შესაძლებელია, მართლა უნდა გაზარდოს გაზის მიწოდება აზერბაიჯანისთვის, რათა ჩვენ მეტი გაზი მივიღოთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა განაცხადა, რომ გაზის მოწოდება 2 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაზის მოწოდების გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები აფეთქებული გაზსადენების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.


„ჩვენ ვხედავთ, რომ გაზსადენების შეკეთების პროცესი გაჯანჯლდა… ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ რამდენიმე საპირისპირო ინფორმაციას რუსეთიდან სარემონტო სამუშაოების შესახებ, თუმცა რეალობა ის არის, რომ რემონტი ფერხდება. ამრიგად, ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები და პრეტენზიები „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის მიმართ“, – განაცხადა ნოღაიდელმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version