საქართველომ გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთში 22 იანვარს გამთენიისას ორი გაზსადენი აფეთქდა.
„შევთანხმდით, რომ გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან [22 იანვარს] საღამოს 9 საათზე დაიწყებოდა. შედეგად ხვალ თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება აღუდგება“, – განუცხადა „თბილგაზის“ წარმომადგენელმა ირაკლი გვიჩიანმა ტელეკომპანია „იმედს“.
მისი თქმით, აზერბაიჯანიდან 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოვა.
„თბილისს 2,3 მილიონი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება [ყოველდღიურად]“, – დასძინა მან.
კვირას რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენელმა საქართველოში დავით მორჩილაძემ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზად ადის აზერბაიჯანს გაზის მიწოდება გაუზარდოს, რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს მიაწოდოს გაზი.