ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა შემოდგომისთვის გადაიდოს

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ღონღაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების გაზაფხულზე დანიშნვნის შემთხვევაში მისი მომზადების ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. იგი არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების ინიციატივით გამოდის.


ამ და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იმსჯელეს 17 იანვარს.


“ჩვენი თხოვნაა, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს… არა მგონია, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ“, – განუცხადა ალექსანდრე ღონღაძემ ჟურნალისტებს კომიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან.


ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2002 წლის 2 ივნისს გაიმართა. კანონმდებლობით, არჩევნები 4 წელში ერთხელ ტარდება.

Exit mobile version