საია-ს თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.


9 იანვარს საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭარბობდნენ,  ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის, ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვეს. საია–ს ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო კამპანიის დაწყებისას ანა დოლიძე აშშ–ში იმყოფებოდა.


“მე არ მაქვს უფლება თავი დავანებო ჩემს საქმიანობას, რომელსაც  გავაგრძელებ მანამ, სანამ ასოციაციის გამგეობა არ გადაწყვეტს, რომ მე ეს მოვალეობები აღარ უნდა შევასრულო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ საია–ს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები “ხელისუფლების აშკარა თავდასხმაა საია–ს დისკრეტიტაციისა და შესუსტების მიზნით“, რაც გამოწვეულია ასოციაციის მიერ ხელისუფლების არაერთი უკანონო ქმედებების გამოვლენით.


მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპონენტების ბრალდებაზე, საია–ს  “რესპუბლიკურ“ პარტიასთან მიკერძოებასთან დაკავშირებით.


“მე არ ვთვლი ამ საკითხს იმდენად მნიშვნელოვნად, რომ იმსახურებდეს ჩემი მხრიდან რაიმე რეაგირებას, ან თავის მართლებას… შევარდნაძის დროს ვიყავით “ნაციონალები“, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონდა ჩვენი კრიტიკა, დღეს ვიღაცას ვგონივართ რომელიღაც პარტიის თანამოაზრეები, სხვა დროს სხვა რამეებს დაგვაბრალებენ… ჩვენ ყოველთვის ვიდექით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების პოზიციაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


მისი თქმით, საია–ს ის წევრები, რომლებიც ბოლო დროს ასოციაციის წინააღმდეგ გამოდიან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ცოტა ხნის წინ ასოციაციის გამგეობამ საწევროების გადაუხდელობის გამო გარიცხა. დოლიძე ასოციაციის იმ წევრებს, რომელთაც საია–ს საქმიანობის მიმართ პრეტენზიები დაუგროვდათ, დიალოგს სთავაზობს. 

Exit mobile version