სააკაშვილი: ყაზახეთი საიმედო ეკონომიკური პარტნიორია

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასტანაში, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ინაუგურაციის ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, თავის ყაზახ კოლეგას შეხვდა და საქართველო–ყაზახეთის ურთიერთობები,  მათ შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ  ყაზახეთი საიმედო ეკონომიკური პარტნიორია, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული პოლიტიკურ “კაპრიზებზე“.


“სამწუხაროდ რუსეთთან ჩვენ ვერ შევძელით [გაზის სფეროში] მთლიანობაში საკითხების მოგვარება, ისევე როგორც ვერ შეძლო რეგიონის ბევრმა სხვა ქვეყანამ, რადგან ასეთი იყო რუსეთის პოზიცია. მაგრამ ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროში აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან. ეს არის არა მხოლოდ ენერგომატარებლების მოწოდება, არამედ ეს არის თვითონ ენერგოქსელების კონტროლი… ყაზახეთს აქვს დიდი გამოცდილება, თან ეს არის ინვესტორი, რომელსაც აქვს ზუსტი მიზნები და არის ნაკლებად დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე და პოლიტიკურ კაპრიზებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “, – განაცხადა 10 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა.


გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ყაზახეთში ვიზიტისას განიხილებოდა საქართველოსთვის ყაზახური გაზის მოწოდების საკითხი, თუმცა გაზის სატრანსპორტო სისტემის მფლობელის “გაზპრომის“ უარის გამო საქართველოსთვის გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობა ჩაიშალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version