საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების თემა კვლავ განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ იგი თბილისის მხრიდან გასაყიდი ფასის დასახელებას ელის. ექსპერტების თქმით, საქართველომ ამ გარიგების განხილვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგანაც სასწორზე ქვეყნის უსაფრთხოებაა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 28 დეკემბერს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ შესაძლო გარიგების თაობაზე თბილისის პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, გაზსადენის პრივატიზაციის საკითხი „განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.
“საქართველოს მთავრობის პოზიცია არის, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას განვიხილავთ. მაგალითად, თუ იქნება 25–წლიანი იაფი გაზის მოწოდების გარანტია, ტრანზიტზე გარკვეული რაოდენობის დატოვების გარანტია ან კონტრაქტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ამ გაზსადენის უკან დაბრუნების გარანტია და სხვა, მაშინ აუცილებლად განვიხილავთ“, –განაცხადა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
საქართველო მაგისტრალური გაზსადენით გაზს რუსეთ-საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე იღებს, ქართველ საბითუმო მომხმარებლებს აწვდის და მის ტრანზიტს სომხეთში ახორციელებს.
„გაზპრომი“, რომელიც გაზის გლობალური რეზერვების მეოთხედს ფლობს, მომავალი წლიდან საქართველოს გაზის ღირებულებას 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე უზრდის 1000 კუბურ მეტრზე. ოფიციალურმა თბილისმა ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა. ახლა საქართველოს იმის გარანტიის მიღება უნდა, რომ მომდევნო წლებში გაზის ღირებულება კიდევ უფრო არ გაიზრდება.
თბილისს ასევე სურს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით ტრანსპორტირებული გაზის 10%-ის მიღება ტრანზიტის სანაცვლოდ. თუმცა, „გაზპრომი“ ნაღდი ფულით გადახდას არჩევს.
“გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე რიაზანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზირაბ ნოღაიდელთან თბილისში 20 დეკემბერს გამართული ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გაზსადენის პრივატიზაციასა და ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებული საკითხები 2006 წლის პირველ კვარტალში იქნება განხილული.
„ჩვენი სურვილია დავუბრუნდეთ გაზსადენის სისტემის შესყიდვის საკითხს ან იმ გაზსადენის შესყიდვის საკითხს მაინც, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთისაკენ მიდის“, – განაცხადა რიაზანოვმა.
„გაზპრომის“ წინადადება ასევე ითვალისწინებს ერთობლივი საწარმოს შექმნას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის ექსპლოატაციისა და განვითარების მიზნით“.
საქართველოში „გაზპრომის“ წარმომადგენელმა დავით მორჩილაძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული კომპანია თბილისისაგან გაზსადენის გასაყიდი ფასის შესახებ წინადადებას ელის.
„გაზპრომი ნებისმიერ ფასს განიხილავს. როდესაც ფასი შეთანხმდება, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებელია თუ არა გაზსადენის პრივატიზაცია“, – განაცხადა მორჩილაძემ.
გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის შესახებ დებატები 2005 წელს მეორედ განახლდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე. ამ განცხადების შემდეგ, აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილე გამოიჩინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
შედეგად, კონსულტაციების დროს, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით გაიმართა, გადაწყდა 49.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 12 სექტემბერს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ თანხიდან 49.5 მილიონი გაზსადენის რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული.
თუმცა ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწყდება ფინანსური დახმარება [პროგრამის ფარგლებში], – განუცხადა „ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა შანიძემ „სივილ ჯორჯიას“.
ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად „გაზპრომს“ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და შიშობს, რომ ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.
„გაზპრომს“ საქართველოში ლობისტები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მცდარ გზაზე უბიძგებენ, რაც საბოლოო ჯამში დაპირისპირებას გამოიწვევს ვაშინგტონსა და თბილისს შორის“, – განუცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „სივილ ჯორჯიას“.
გაზსადენის პრივატიზების თაობაზე ბოლოდროინდელი დებატების დროს საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილეს იჩენს. ანალოგიური ტენდენცია 2005 წლის თებერვალშიც შეიმჩნეოდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საკითხი მხოლოდ განხილვის პროცესშია და პრივატიზაცია დღის წესრიგში არ დგას. როგორც ჩანს, თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების უარყოფითი რეაქცია აშინებს.
თუმცა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაყიდოს თუ არა თავისი გაზსადენი საკუთარი ინტერესებზე დაყრდნობით და არა გარედან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.
„ჩვენ ნაკლები უნდა ვუსმინოთ უცხოელ ექსპერტებს“, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს საკითხი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის. „ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარლამენტიც უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 10 მაისს აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების თაობაზე – ჩვენ ამ პრივატიზაციის წინააღმდეგ ვართ“.