ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვეტილება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე საკუთარი ინტერესების და არა უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა მიიღოს.


“ჩვენ უცხოელ ექსპერტებს ნაკლებად უნდა მოვუსმინოთ; ჩვენ თავად უნდა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ გავყიდოთ გაზსადენი თუ არა“, – განაცხადა  ბენდუქიძემ.


ექსპერტები შიშოებენ, რომ მაგისტრაული გაზსადენის რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი“–სათვის მიყიდვით ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს ენერგოდამოუკიდებლობას, რომელიც უკვე ისედაც დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო იმ შემთხვევაში გაყიდის გაზსადენს, თუ იაფი გაზის მიღების 25–წლიანი გარანტია და კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გაზსადენის დაბრუნების გარანტია იარსებებს.


თუმცა აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 12 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე – არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.


ამავე შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება გაასხვისოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტი. 


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის 49.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version