რუსეთში ვიზიტად მყოფმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 15 დეკემბერს “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ ოსეთიდან თავის კოლეგასთან ედუარდ კოკოითთან მოსკოვში გეგმავს შეხვედრას მოქმედებათა კოორდინირების მიზნით.
“თუ საქართველო დაიწყებს საომარ მოქმედებებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ სამშვიდობო პროცესიდან გამოვალთ და ყველაფერს გავაკეთებთ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად“, – აცხადებს ბაღაფში.
მისი თქმით, აუცილებელი არ არის სოხუმსა და ცხინვალს შორის სამხედრო კავშირის გაფორმება, “ვინაიდან არსებობს საკავშირო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“.
ბაღაფშის განცხადებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები ერთიან კომპლექსში უნდა იქნას განხილული. “არ შეიძლება ერთი მათგანი მოგვარდეს, მეორის გადაწყვეტის გარეშე“, – დასძენს ბაღაფში.
“ეხლა ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს კოსოვოში მოვლენათა განვითარებას. თუ კოსოვოს აღიარებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება ყველა იმ ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოს ცნობა, რომლებსაც თვითგამოცხადებულს ან არაღიარებულს უწოდებენ“, – აცხადებს ბაღაფში.