ბაღაფში: საქართველოს იურიდიული უფლება აქვს მოითხოვოს სამშვიდობოების გაყვანა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ საქართველოს იურიდიულად აქვს უფლება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა მოითხოვოს, თუმცა სამშვიდობოების გასვლის შემთხვევაში მათ ადგილს არა საერთაშორისო ძალები, არამედ აფხაზი სამხედროები დაიკავებენ, იუწყება 15 დეკემბერს “რია ნოვოსტი“.


“აფხაზეთი ნეგატიურად უყურებს რუსი სამშვიდობოების შერეული საერთაშორისო კონტიგენტით შესაძლო ჩანაცვლებას. იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი იქნებიან, როგორც ამას საქართველოში ითხოვენ, ჩვენ ჩავდგებით მათ მაგივრად [ადმინისტრაციულ] საზღვარზე, გავამაგრებთ მას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნამდვილ საზღვარს“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, არსებული ხელშეკრულების მიხედვით ერთ–ერთი  მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, სამშვიდობოებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონა, თუმცა ახალი კონტიგენტის განთავსებისას ორივე მხარის თანხმობაა საჭირო.


“წლიდან წლამდე ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სურთ [რუსი] სამშვიდობოების შერეული სამშვიდობო კონტიგენტით შეცვლა. ჩვენ ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. მიზეზი ერთია – როცა ძალიან გვიჭირდა რუსეთის გარდა გამყოფ ხაზზე არავინ არ დადგა… ჩვენ მშვენივრად ვიცით რა იმალება ამ ჩანაცვლების უკან, ამიტომაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ვარიანტი“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version