პარლამენტი აფხაზეთში სამშვიდობოების როტაციას გამოეხმაურა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გააპროტესტა ტელეკომპანია НТВ–ს ეთერში აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა როტაციის შესახებ გასული სიუჟეტი და მოითხოვა “ყოვლად არასამშვიდობო მისიის” შეწყვეტა აფხაზეთში.


რუსული ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში ერთ–ერთმა რუსმა სამშვიდობომ განაცხადა, რომ  როტაციამდე მათ გაიარეს მომზადება, სადაც აუხსნეს, რომ აფხაზეთის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მხოლოდ 30–40 წლის განმავლობაში შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით.


“ჩვენ ვხედავთ, რომ სამშვიდობოები პირდაპირ იტვირთებიან პოლიტიკური იდეოლოგიით, რომ ისინი მიდიან “ქვეყანაში“ [თვითგამოცხადებული აფხაზეთი], რომელიც დღეს დამოუკიდებლობისათვის იბრძვის“, – განაცხადა 14 დეკემბერს ფიქრია ჩიხრაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ კონკრეტულმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამშვიდობოებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ 10 ოქტომბერს მიღებული დადგენილების  სისწორე.


“ნურცერთ პოლიტიკოსს რუსეთში ნუ ექნება იმის ილუზია, რომ პარლამენტი მიღებულ დადგენილებას არ შეასრულებს. თუ თებერვალში არ იქნება პროგრესი სამშვიდობოების საქმიანობაში [ცხინვალის რეგიონში] ჩვენ დავიწყებთ მათი გაყვანის პროცედურას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version