პრეზიდენტს მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კანცელარიაში მიიღო და მათთან საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები გამართა.


თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც თავის მხრივ 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს ეფუძნება, 2008 წლიდან პარლამენტის რიცხოვნობა 235–დან 150–მდე მცირდება, საიდანაც 100 პროპორციული წესით და 50 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.


კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებისას  ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეიქმნებოდა სენატი და პარლამენტის ქვედა პალატა. თუმცა ეს დაპირება არ აისახა საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებში, რომელიც შემცირებული მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალ წესს ეხება.


პრეზიდენტთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სენატის შექმნის საკითხი ჯერ–ჯერობით დღის წესრიგიდან მოხსნილია.


რაც შეეხება 75–ის ნაცვლად 50 მაჟორიტარის არჩევის საფუძვლებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტის მიხედვით, საქართველოს რეგიონებზე განაწილდება კვოტები. მათ შორის აფხაზეთს ექნება 6 მაჟორიტარის არჩევის უფლება, აჭარას – 5, ხოლო ცხინვალის რეგიონს –3. თბილისში კი 5 მაჟორიტარი აირჩევა.

Exit mobile version