შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ათობით საქართველოს მოქალაქე, რომლებიც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მილიციამ სამშაბათს დააკავა, 6 დეკემბრის საღამოს გაათავისუფლეს, მაგრამ სამი ქართველი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი კვლავ სამხრეთ ოსური მხარის ხელში რჩება.
“ჩვენ არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ გვინდა სრულად მივყვეთ [სამხრეთ ოსეთის] სამშვიდობო გეგმას, რათა არ ჩაიშალოს ის. ამიტომაც ჩვენ თავს ვიკავებთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან, მაგრამ ყველასთვის ცნობილია და მათაც [სამხრეთ ოსურმა მხარემ] იციან, რომ თუ არ გაათავისუფლებენ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ნაბიჯი ძალიან ძვირად დაუჯდებათ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
“მე ვიძლევი გარანტიას, რომ ისინი [ოთხი დაკავებული] გათავისუფლდებიან“, – დასძინა მინისტრმა.
ოსური მხარის მიერ გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მათი რიცხვი 10–დან 20–მდე მერყეობს.
ეს გატაცებები მას შემდეგ განხორციელედა, რაც საქართველოს სამხრედრო პოლიციამ 5 დეკემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ კუძიევი დააკავა. კუძიევი სამხედრო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას სროლის დროს მაშინ დაიჭრა, როცა მის აყვანას სამხედრო პოლიცია სოფელ ერგნეთთან ცდილობდა.