ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან 9 ქართველი გაიტაცეს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან, ოსურ სოფელ დმენისის მახლობლად  ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დღეს 9 ქართველი გაიტაცა, რომელთა შორის სამი – ტერაშვილი, ჩიფჩიური და კობალაძე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან.  


ქართული მხარე ამ გატაცებას საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ 5 დეკემბერს სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილის ვიაჩესლავ კუძიევის დაკავებას უკავშირებს. ვიაჩესლავ კუძიევი საქართველოს სამხედრო პოლიციასთან მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, როდესაც პოლიცია ცდილობდა კუძიევი სოფელ ერგნეთის მახლობლად დაეპატიმრებინა.


სამხრეთ ოსეთის მხარეს ქართველების დაპატიმრებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 დეკემბერს ლუბლიანაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დაგმო ინციდენტი.


“საბჭომ, ისევე როგორც ეუთოს მთელმა თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ამგვარი ქმედებები, ჩვენ ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოვითხოვთ”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.   


“გამტაცებლები მიეკუთვნებიან უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელსაც ნოდარ ბიბილოვი, დმენისის მილიციის უფროსი ხელმძღვანელობს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა შერეულმა სამშვიდობო ძალებმა”, – დასძინა მან.  


ამ დროისთვის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით ოსურ მხარეს დმენისი-კოხათის, ხოლო ქართულ მხარეს დმენისი-ფრისის ცხინვალთან დამაკავშირებელი გზები აქვთ გადაკეტილი.


დღესვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევის წინადადებით წერილობით მიმართა.

Exit mobile version