ქვემოთ წარმოდგენილია დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ქვეყნების დეკლარაცია, რომელსაც კიევში 2005 წლის 2 დეკემბერს გამართულ დამფუძნებელ ფორუმზე უკრაინის, საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და მაკედონიის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.
ჩვენ, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები;
ვადასტურებთ რა ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მითითებული მიზნებისა და პრინციპების მიმართ;
ვრჩებით რა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი იდეალებისა და ღირებულებების ერთგულნი;
ვკისრულობთ რა დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესახებ ვარშავის საბოლოო დეკლარაციაში მოცემული ძირეული დემოკრატიული პრინციპებისა და პრაქტიკის პატივისცემის, პოპულარიზაციისა და განმტკიცების ვალდებულებას;
ვესწრაფვით რა თანმიმდევრულად განვახორციელოთ დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სეულის სამოქმედო გეგმა, კერძოდ რეგიონული თანამშრომლობის სფეროში;
მივესალმებით რა გაეროს დემოკრატიის ფონდის შექმნას;
ხაზს ვუსვამთ რა იმ მუდმივ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც არსებობს მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას შორის და დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებათა მიმართ პატივისცემას;
გამოვდივართ რა ყველა სახის ადამიანის უფლების პატივისცემის მოწოდებით, რაც მოიცავს სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების შენარჩუნებასა და განმტკიცებას ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო დოკუმენტებზე დაყრდნობით;
ვაღიარებთ რა იმ საერთო პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია მომავლისა და დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ასევე ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა პატივისცემის თვალსაზრისით;
ვესწრაფვით რა ევროპის განთავისუფლებას გამყოფი ხაზების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, გაყინული კონფლიქტებისა და ნებისმიერ სახის კონფრონტაციისაგან;
ვაცხადებთ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის შექმნის შესახებ, რომელიც წარმოადგენს თანამშრომლობის ფორუმს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო დონეზე დიალოგის წარმართვის მიზნით, რომლის საშუალებითაც ჩვენი ქვეყნების მეთაურები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ თავიანთ განზრახვას:
– მჭიდროდ ითანამშრომლონ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც მდგომარეობს ევროპის მთელ კონტინენტზე მტკიცე მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დამკვიდრებაში;
– ითანამშრომლონ დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ის ქვეყნები და საზოგადოებები, რომელთა მიმართაც დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა იჩენს ინტერესს, დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან;
– მხარი დაუჭირონ ჰუმანური ღირებულებებისა და სტანდარტების პოპულარიზაციას, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტებების ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, და ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას;
– ხელი შეუწყონ ჩვენს მთავრობებსა და საზოგადოებებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, დემოკრატიის სფეროში განათლების ჩათვლით;
– ითანამშრომლონ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებთან ახალი და ფორმირების პროცესში მყოფი დემოკრატიული საზოგადოებებისთვის გაწეული მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით;
– მხარი დაუჭირონ შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, მათ შორის სიღარიბის დაძლევას, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის განვითარებისა და დაცვის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს;
– გააძლიერონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა და აღმოფხვრან საზოგადოების დემოკრატიული განვითარების წინაშე მდგარი საფრთხეები, მათ შორის კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტერორიზმის სხვადასხვა გამოვლინებები, ევროპაში არსებული კონფლიქტები და ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობა;
– აჩვენონ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მაგალითი და მოწოდებით მიმართონ დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგარ ქვეყნებს განამტკიცონ შემწყნარებლობა და ურთიერთგაგება, პლურალიზმის პატივისცემა, დაუპირისპირდნენ ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, ძალადობას, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმის სხვა ფორმებს და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მას-მედიის განვითარებას;
– ითანამშრომლონ ყველა იმ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისუნარიანი და უფრო ძლიერი დემოკრატიის განვითარებასთან, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის ფორმატის გაძლიერებას.
წინამდებარე დეკლარაციის მიღებით, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს თითოეული სახელმწიფოსა და საზოგადოების, თითოეული ახალი თაობისა და ადამიანის კანონზომიერი სურვილი მიაღწიოს მდგრადი განვითარების უფრო მაღალ დონეს.
ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის უმნიშვნელოვანესი მისია შესძლებს რეგიონის ყველა ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანებას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული გარდაქმნების შესახებ აზრთა გაზიარებას სხვადასხვა ფორუმებზე, მათ შორის დიალოგისა და პარტნიორობის შავი ზღვის ფორუმზე, ბუქარესტში, 2006 წლის გაზაფხულზე, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის სამიტზე, ვილნიუსში 2006 წლის მაისში და ფორუმზე, რომელიც დაგეგმილია თბილისში, 2006 წლის შემოდგომაზე.
წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო