“კონსერვატორები“ მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებენ

ოპოზიციური პარტია “კოსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით 6 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.


“შევირკიბოთ ყველა მოტყუებული მეანაბრეები, მოტყუებული პენსიონერები, მოტყუებული უმუშევრები და გავახსენოთ ყველა ეს დაპირება [საქართველოს ხელისუფლებას]… მე უბრალოდ მაინტერესებს როდემდე აპირებს საზოგადოება მოითმინოს მატყუარა ხელისუფლება, ჩვენ ამის მოთმენას მეტს აღარ ვაპირებთ“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ ორგანიზებით 2 დეკემბერს პენსიონერთა საპროტესტო აქცია მოეწყო. საპროტესტო აქციის მონაწილენი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ითხოვდნენ პენსიის დანიშვნას.


“ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე პენსიები გაორმაგდება, დავალიანებები აღარ იარსებებს, შემოვა დანამატები სტაჟის და დამსახურების მიხედვით – აი ამ დაპირებით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად და “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, მაგრამ მათ დაემართად სერიოზული პოლიტიკური სკლეროზი, რაც მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ ქუჩიდან“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

Exit mobile version