(მარცხნიდან მარჯვნივ) ვიქტორ იუშჩენკო, მიხეილ სააკაშვილი, ტრაიან ბასესკუ და არნოლდ რუუტელი. |
არნოლდ რუუტელი, მიხეილ სააკაშვილი, ვიქტორ იუშჩენკო და ტრაიან ბასესკუ 23 ნოემბერს თბილისის ფორუმზე “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა“ გამოვიდნენ სიტყვით. დეკემბრის დასაწყისში ოთხივე პრეზიდენტი შეიკრიბება უკრაინაში და რეგიონალურ ალიანსს – დემოკრატიულ არჩევანს ჩამოაყალიბებს. კიევში 1-2 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მათ, სავარაუდოდ, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებიც შეუერთდებიან.
თავის მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ საქართველოს “ვარდების რევოლუციამ“ და ერთი წლის წინ უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციამ“ გააქარწყლა ის “მითი, რომ რეგიონი მხოლოდ წარუმატებელი სახელმწიფოების ადგილი იყო“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ესტონეთი საქართველოსთვის განვითარების მაგალითია. მისი თქმით, ესტონეთი “ჩვენნაირი ქვეყანა იყო, თუმცა ახლა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის არის“.
იგი მიესალმა რუმუნეთს, როგორც საქართველოს პარტნიორს და განაცხადა, რომ თბილისი იმედს ამყარებს რუმინეთის დახმარებაზე საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით. “ჩვენ ვგეგმავთ რუმინეთის დახმარებით გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელის წარმატებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. “უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს “ვარდების რევოლუციაზე“ საუბრისას, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა “ქართველების სიმამაცის“ მნიშვნელობას. ფორუმზე ნაჩვენები იყო 2003 წლის 7 ნოემბერს ზუგდიდში გადაღებული ვიდეოკადრები, როდესაც ნიღბიანებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. კადრებში ნაჩვენებია ქალი, რომელიც შეიარაღებულ ნიღბიან პიროვნებას წინააღმდეგობას უწევს. სააკაშვილმა ეს ქალი, რომელსაც ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უწოდა, პრეზიდიუმში მიიწვია და მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “როგორი ძალაც არ უნდა იყოს დაპირისპირებული, ხალხი მაინც აიღებს ძალაუფლებას. ეს შეუქცევადია. დემოკრატიის ამ ტალღას ალტერნატივა არ გააჩნია“.
თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ყურადღება გაამახვილა უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციაზე“, რომლის ერთი წელიც 22 ნოემბერს აღინიშნა. რევოლუციის მიღწევებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა ეკონომიკურ რეფორმების, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების, სახელმწიფო შემოსავლების ზრდისა და ხელფასების მატების ტენდენციებს.
“უკრაინა დღეს აბსოლუტურად შეცვლილია… ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა იუშჩენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროინტეგრაციის გზაზე დადგეს, თუმცა დასძინა, რომ კიევმა მხედველობაში უნდა მიიღოს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობები.
“რუსეთი არის ჩვენი მეზობელი აღმოსავლეთით და ევროკავშირი დასავლეთით. ამგვარად, ჩვენ სწორი მიდგომა უნდა ვიპოვოთ… ჩვენ არ გადავდგამთ რაიმე ნაბიჯს, რაც რუსეთის ინტერესებს ავნებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ…ჩვენ ჩვენს კურსს შევინარჩუნებთ, თუმცა, ამავე დროს პოლიტიკურ რეალობებსაც გავითვალისწინებთ“, – განაცხადა იუშჩენკომ.
მან ასევე მოუწოდა რეგიონის ლიდერებს გააძლიერონ მცდელობა დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების მიზნით.
ესტონეთის პრეზიდენტმა არნოლდ რუუტელმა ხაზი გაუსვა ინსტიტუციონალური რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს რეფორმები ერთ “ღამეში” ვერ განხორციელდება.
“ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდა და ეს არის ჩვენი რეფორმების კონკრეტული შედეგი… განვითრების ჩვენი მოდელი შესაძლოა სასარგებლო იყოს თქვენი რეფორმებისთვის…ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ თქვენთან რეფორმების განხორციელების საქმეში“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დიქტატურა დაამარცხა.
“თუმცა, რევოლუცია საკმარისი არ იყო; საჭირო იყო ინსტიტუტების რეფორმა და ტრანსფორმაცია… ხალხის მენტალიტეტის შეცვლა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ტრაიან ბასესკუმ ასევე ისაუბრა სეპარატისტულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესის ინტერნაციონალიზაცია ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია მათი მოგვარების გზაზე. მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტები შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ტერორიზმის პოტენციური წყარო.
“ჩვენი მიდგომა ასეთია – მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის ჩათვლით რეგიონის ყველა ქვეყნის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩართვა … კონფლიქტების მოგვარების ინტერნაციონალიზაცია ასევე გარკეულ წვლილს შეიტანს იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა მან.
ფორუმზე გამოსვლის შემდეგ ოთხივე პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მონუმენტის საფუძვლის ჩაყრაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე აღიმართება, მიუხედავად საზოგადოების ერთი ნაწილის წინააღმდეგობისა.