საქართველო დსთ-დან გამოსვლაზე მსჯელობს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) საქართველოს შესაძლო გამოსვლაზე მსჯელობის დაწყება.


“ვფიქრობ, რომ წინადადება დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვის დაწყებაზე აბსოლუტურად მისაღებია. მაგრამ, ჩვენ [საპარლამენტო უმრავლესობას] დამატებითი კონსულტაციები დაგვჭირდება, მათ შორის პრეზიდენტთან, ამ საკითხის გარშემო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.


ბურჯანაძის ამ განცხადებას წინ უძღოდა დეპუტატ დავით ბერძენიშვილის წინადადება, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის საკითხზე მსჯელობის დაწყება სთხოვა.


მანამდე მოთხოვნა დსთ-დან გამოსვლის თაობაზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოდიოდა, თუმცა სავიზო დაპირპისპირების შემდეგ, როდესაც დეპუტატ გივი თარგამაძეს რუსეთის საელჩომ ვიზა დაუგვიანა, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ასევე დაიწყეს საქართველოს დსთ-დან შესაძლო გამოსვლის თაობაზე საუბარი.  

Exit mobile version