ანანმა და სააკაშვილმა კონფლიქტების მოგვარების საკითხი განიხილეს






სააკაშვილი ანანს ოქროს ვარდს ჩუქნის.
თბილისში 19 ნოემბერს ხანმოკლე ვიზიტით ჩამოსული გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. 

ისლამაბადიდან ნიუ-იორკში მიმავალი კოფი ანანი თბილისში მხოლოდ ორი საათით შეჩერდა. იგი სააკაშვილს ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა და ანანმა მოკლე განცხადებები გააკეთეს პრესისათვის, თუმცა ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ. 
 
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა აუცილებელია კონფლიქტების მოგვარების პროცესში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც დაგმო აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტები, განაცხადა, რომ თბილისი “იმედგაცრუებულია“ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული ვითარების გამო. 
 
“ჩემი კოლეგები გაეროს მისიიდან მუშაობენ თქვენთან და აფხაზურ მხარესთან, რათა იპოვონ კონფლიქტის მოგვარების გზა. ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს და კვლავაც ვიმუშავებთ მხარეებთან და ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს კანონის უზენაესობას და ადამიანთა უფლებებს და ღირსებებს. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და პატივისცემის გარეშე რთული იქნება ამ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.


თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს “სურს მშვიდობა, მაგრამ საქართველო არასდროს შეურიგდება ადამიანის უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვას.“ 
 
“ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ აფხაზეთში შექმნილი სიტუაციით, როდესაც ჩვენ თვალწინ ხდება გაყიდვა ქონების, რომელიც ეკუთვნოდა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის 80%-ს. ესენი იყვნენ ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები; როდესაც თითქმის ყოველდღიურად კლავენ, აწამებენ, იტაცებენ ადამიანებს, როდესაც მეორე მხარე [აფხაზური] კატეგორიულ უარს ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე [გალში], რათა მოხდეს კონტროლი ყველაფერ ამაზე; აფხაზეთში შედის სულ უფრო მეტი იარაღი, სულ უფრო მეტი მილიტარიზაცია ხდება ამ რეგიონის“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
“ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილი არის თავისუფლება ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ეს არის დემოკრატია ყველასათვის, სადაც ხდება ყველა ჯგუფების ინტეგრაცია და მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველა რეგიონს, მათ შორის სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, უნდა მივცეთ ეს შანსი. და ბოლოს მე იმედი მაქვს, რომ გაერო გააქტიურდება და გაეროს წევრი ქვეყნები მისცემენ საშუალებას გაეროს გააქტიურდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
ანალოგიური მოწოდება კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაეროს როლის გააქტიურების თაობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკში, სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სხდომაზეც გააკეთა. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა გაეროს რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია “უნდა შეიცვალოს“ და დაეხმაროს საქართველოს ბოლო მოუღოს “აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიას მეზობელი ქვეყნის მიერ“. 
 
კოფი ანანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მან ასევე განიხილა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. 
 
“მინდა განვაცხადო, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც თქვენ გააკეთეთ ამ მოკლე პერიოდში. მადლობელი ვარ თქვენი მთავრობის და ხალხის ჩემს სპეციალურ წარმომადგენელთან [ჰეიდი ტალიავინისთან] და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის“, – დასძინა კოფი ანანმა.

Exit mobile version