სააკაშვილი მიღწევებზე საუბრობს და მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს

20 ნოემბერს ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი ადმინისტრაციის მიერ 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად “უდიდესი წარმატებისა“, პრობლემები კვლავ რჩება. სააკაშვილმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.


პრეზიდენტმა, რომელსაც პირდაპირი ჩართვა ზუგდიდიდან ჰქონდა, აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ “ეროვნული სიამაყის გრძნობის გაზრდა“ ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო.


მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო განათლების სისტემის რეფორმის განხორციელება, რამაც ხელი შეუწყო “უმაღლეს სასწავლებლებში უკანონო გარიგებებისა და კორუფციის გარეშე  გამოცდების ჩაბარებას“.


სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ, რასაც, მისი თქმით, შედეგად მოყვა იმ ტიპის პოლიციის ჩამოყალიბება, რომელიც მოქალაქეების ნდობის 75%-ით სარგებლობს. 


მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების გზაზეა, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას “ძალიან სწრაფად“ განახორციელოს თავისი მისწრაფებები ნატოში. 


“ჩვენ ასევე დავიწყეთ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი თაობის ოცნება შესრულდა“, – დასძინა მან.


თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, განათლების რეფორმას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხუთჯერ გაზრდას, სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის გაზრდილი ხელფასების და პენსიების დროულ გაცემას, ასევე უფასო სასწრაფო დახმარების სამსახურის შემოღებას, გლეხებისთვის გადასახადების მოხსნას, 9%-იან ეკონომიკურ ზრდას, გზების და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან რეკონსტრუქციას. 


მიღწევების ჩამოთვლის შემდეგ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მის პოლიტიკურ ოპონენტებზე და ილია ჭავჭავაძის ციტირება მოახდინა: “ბრიყვსა და სულელს, რომ შენი ჭკუა უჩვენო ერთი გზა არსებობს: ხმა არ უნდა გასცე”.   


მან ასევე აღნიშნა, რომ ახლანდელ თაობას “აქვს შანსი, რომ შევიდეს ისტორიაში, როგორც თაობა, რომელმაც შეძლო საქართველოს გაერთიანება“.


“მინდა ღიად განვაცხადო, რომ ჩვენ ბევრი პრობლემა გვექნება… და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მოთმინება, სიფრთხილე და სიბრძნე“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 


“ჩვენ უდიდესი ზეწოლის წინაშე დავდგებით, რადგანაც ყველამ, მათ შორის ჩვენმა ავისმსურველებმა, დაინახეს, რომ რეალური გახდა ქვეყნის გადაქცევა წარმატებულ ისტორიად … თუმცა, ჩვენ დიდი მოთმინება გვმართებს“, – დასძინა მან.


მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნისათვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს. 


“ჩვენი აღთქმული ქვეყანა აქედან [ზუგდიდიდან] რამდენიმე კილომეტრშია და მას აფხაზეთი ჰქვია. ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა აფხაზეთის და აფხაზების დაბრუნება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი ამ მიზნის მისაღწევად. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგანაც მას უდიდესი ძალა უპირისპირდება… საქართველო არასოდეს იქნება ბედნიერი აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას, თუ არ იქნება საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version