ბოკერია: ახლო მომავალში რუსი პოლიტიკოსების შავი სია შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს “რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ ახლო მომავალში პარლამენტთან კონსულტაციების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნება რუსი პოლიტიკოსების “შავი სია“. ამ ინიციატივას მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებიც უჭერენ. 


გიგა ბოკერია ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს,  რომელი რუსი პოლიტიკოსები შევლენ ე.წ. შავ სიაში და აცხადებს, რომ “ერთის დასახელებით, არ გვინდა რომ სხვები გამოგვრჩეს“.


დეპუტატის თქმით, სია შედგენის შემდეგ გასაცნობად მას-მედიასაც მიეწოდება.


ე.წ  შავი სიის შედგენისკენ ქართველ პარლამენტარებს უბიძგა იმ ფაქტმა, რომ ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო უწყებაში ქართველ პოლიტიკოსთა ანალოგიური შავი სიის არსებობის შესახებ, რომელშიც შედის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც რუსული პოლიტიკის მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოირჩევა.

სწორედ თარგამაძისთვის რუსული ვიზის გაუცემლობა გახდა იმის მიზეზი, რომ 16 ნოემბერს ქართულმა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version