სოხუმი ქართველების ჯარში იძულებით გაწვევას უარყოფს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გალის რაიონში მცხოვრები 21 წლის დანიელ წურუმიას ჯარში იძულებით გაწვევისა და შემდგომ მისი მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, იუწყება “აფსნიპრესი“ 7 ნოემბერს.


ქართული მხარის განცხადებით, 2 ნოემბერს სოფელ გაგიდას მკვიდრი 21 წლის დანიელ წურწუმია აფხაზურმა 60 კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უმიზეზოდ დააკავა და გადაიყვანა სოხუმში, სადაც იძულებით გაიწვიეს ე.წ. აფხაზურ ჯარში. ფიცის მიღებაზე უარის თქმის გამო, იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დანიელ წურწუმია 4 ნოემბერს გარდაიცვალა.


საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც დაგმო აღნიშნული ფაქტი.


დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის განცხადებით, წურწუმია ჯარში არც გაუწვევიათ და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ მისთვის.


“ასეთი შემთხვევა ჩვენთან არ ყოფილა“, – იუწყება “აფსნიპრესი“ სოსნალიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამავდროულად აფხაზური მხარე წურწუმიას გარდაცვალების საკუთარ ვერსიას ავრცელებს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას განცხადებით, 31 ოქტომბერს სოფელ გაგიდაში შს რაიონული სამმართველოს ერთ-ერთ თანამშომლის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმისას წურწუმია დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version