ჩოჩიევი თბილისის სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქართულმა მხარემ აქამდე ვერ შეძლო “ცალსახად” განეცხადებინა რა სურს ოსური მხარისაგან, იტყობინებოდა ცხინვალის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 3 ნოემბერს.


“ჩვენ საინფორმაციო საშუალებებიდან გვსმენია სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი გეგმების და კონცეფციების შესახებ, მაგრამ რაც უფრო ბევრი გამოჩნდება ასეთი, მით უფრო ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც ქართული მხარე პასუხს არ იძლევა. ამავე დროს, არც ერთი დოკუმენტი არ გადმოუცია [თბილისს] სამხრეთ ოსეთისთვის“, – აცხადებს ჩოჩიევი.


ჩოჩიევის თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით არაერთხელ სთავაზობდა სამეტაპიან გეგმას, რომელიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და ნდობის აღდგენას, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის დაწყებას და პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებას ითვალისწინებს.


ანალოგიური გეგმა ქართული მხარის ინიციატივით განხილული იყო 24-25 ოქტომბერს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე.


ჩოჩიევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული ის სამოქმედო გეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდგომ 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა ოსურ მხარესთვის უცნობია. “[სამოქმედო გეგმა]შეთანხმებული იყო პირდაპირ აშშ-სთან და ეუთოს ქვეყნებთან”, – დასძენს ჩოჩიევი


ზურაბ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა იმ მიზნებს და ამოცანებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეებსა და 2006 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გეგმავს.


“ქართული მხარის მცდელობის მიუხედავად, რომ ამ გეგმის პოზიტიური მხარის რეკლამიერება მოახდინოს, ვინც ეს გეგმა წაიკითხა, მათი თქმით, იგი არ შეიცავს არავითარ რეალურს და არაფერი სიახლე სამხრეთ ოსეთისთვის არ არის. მისი მხარდაჭერა შეუძლია, მხოლოდ იმ ადამიანს,  რომელსაც ზედაპირული წარმოდგენა გააჩნია კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე… ეს გეგმა წმინდა სარეკლამო ხასიათს ატარებს“, – აცხადებს ჩოჩიევი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version