ხაინდრავა: პრემიერ-მინისტრი ცხინვალში აუცილებლად ჩავა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უახლოეს დღეებში”აუცილებლად“ ჩავა ცხინვალის რეგიონში ტრანსმაგისტრალური გზით და გაივლის ქალაქ ცხინვალს.  


ნოღაიდელი და ხაინდრავა ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლების მაცხოვრებლებთან შესახვედრად 30 ოქტომბერს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ვიზიტი გადაიდო. 


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის 30 ოქტომბრის ინფორმაციით, იმის გამო, რომ [ნოღაიდელი–ხაინდრავას] ვიზიტი დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ იყო შეთანხმებული “საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალში ჩასვლაზე უარი ეთქვა“.


ხაინდრავამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ცხინვალის რეგიონში ჩასვლა–არ ჩასვლის გადაწყვეტა არ შედის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყების კომპეტენციაში.


“არანაირი უფლება სამხრეთ ოსურ მხარეს არ აქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლა [ცხინვალის რეგიონში] იყოს დაკავშირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. რა საგარეო  ურთიერთოებები უნდა იყოს ჩვენსა [საქართველოს ხელისუფლება] და ცხინვალს შორის?“, – განაცხადა დღეს გიორგი ხაინდრავამ კანცელარიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე, სადაც მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილა.

Exit mobile version