მოსკოვი რუსი სამხედრო დამკვირვებლის დაკავებას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 ოქტომბერს უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი “იმ დაგეგმილი პროვოკაციის“ გამო, რაც რუსი სამხედრო დამკვირვებლის ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებას უკავშირდება.


რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 21 ოქტომბერს გორში ქართველმა სამართალდამცავებმა “ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ მოტივით დააკავეს  ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების გაერთიანებულ შტაბის რუსი სამხედრო დამკვირვებელი რომან ბოიკო. თბილისში ამ ინფორმაციის თაობაზე ჯერ–ჯერობით კომენტარები არ გაკეთებულა.


რუსული მხარე “კატეგორიულად“ მოითხოვს ბოიკოს “დაუყოვნებლივ და უპირობო“ გათავისუფლებას, “წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დაეკისრება“.


“მოსკოვი ამ უპრეცედენტო ნაბიჯს აღიქვამს, როგორც მორიგ, დაგეგმილ პროვოკაციას მიმართულს რუსი სამშვიდობოების დისკრედიტაციისაკენ, სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებისა და რუსულ–ქართული ურთიერთობების  შემდგომი გაუარესებისაკენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version