21 ოქტომბერს გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სარფის საბაჟოზე ქრთამის აღების ბრალდებით რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის“ ხელმძღვანელი და ოთხი თანამშრომელი დააკავა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად გამართა.
“მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა მოსამსახურე. საქართველოში ხელფასები დღეს სახელმწიფო სამსახურში არის უფრო მაღალი, ვიდრე მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში… მაგრამ ციხეებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი პირობებია და არავის არ ვურჩევ ამ კარგი გარემონტებული ოფისებიდან [საბაჟო-გამშვებ პუნქტები], ამ მაღალი ხელფასებიდან საკნებში გადანაცვლებას… ჩვენ ბევრად უფრო მეტი საბაჟო და საგადასახადო შემოსავლები გვაქვს, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, იმის გამო, რომ ბევრად ნაკლებია კორუფცია, მაგრამ მე ვაპირებ, რომ კორუფცია არ იყოს საერთოდ და უკან დახევა ამ ბრძოლაში ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, რომელზეც მადლობა გადაუხადა შს მინისტრს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.