ახალი ამბები

ზურაბიშვილის მოწოდებით იპოდრომზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა







ზურაბიშვილმა შეძლო მრავალრიცხოვანი ხალხის
მობილიზება 2003 წლის ვარდების რევოლუციის
შემდეგ.
19 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამდე სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო მოწოდებას 20 ოქტომბერს 13:00 საათზე “ხუთწუთიანი“ აქციის გამართვის შესახებ დღეს ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოეხმაურა. ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დღეს გამართული აქცია, რომელსაც ყოფილმა მინისტრმა “არაპოლიტიკური“ უწოდა, თავისი მასშტაბებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უპრეცედენტოა.


ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 ოქტომბერს იპოდრომზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა. “დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მან “ქაჯებად“ 19 ოქტომბერს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოიხსენია.  “არ ვიცი ისინი რამდენ ხანს იჯდებიან თავიანთ კოშკებში და ციხეებში… მაგრამ [დღეს] ჩვენი ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალი გვაქვს ყველას და არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, რომელიც შეჭამეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ეყოფათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, მისაღებია პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ საარჩევნო და არა რევოლუციური გზა. აქციის მონაწილეებისადმი მიმართვაში ზურაბიშვილმა განაცხადა: “არ შეგეშინდეთ, არ დაიზაროთ, დაიწყეთ მუშაობა და არჩევნები მოვა. ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი რევოლუცია. ჰქონდა საქართველოს თავისი რევოლუცია და ეს იყო სწორი გზა, მაგრამ ამ გზას გადაუხვიეს. რატომ, მე ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს გარკვეული მოსაზრებები“.


“ხალხი, რომელსაც უნდა დემოკრატია, რომელსაც უნდა ევროპული ცივილიზებული წყობა, არის აქ. საქართველოსთვის და თქვენი შვილებისათვის მე ეხლა დავიწყებ ახალ ცხოვრებას თქვენთან ერთად წყნარად, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში… ეს არის ნიშანი, რომ ძალიან ძლიერი ძალა მოვა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა იპოდრომზე შეკრებილ მრავალრიცხოვან მოსახლეობას. 

ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ჯერ–ჯერობით სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება არ მიუღია. კითხვაზე გადავა თუ არა ის ოპოზიციაში, ზურაბიშვილმა უპასუხა: “იძულებით გავხდი პოლიტიკოსი, თუმცა არცერთ [პოლიტიკურ] გუნდში აქამდე არ ვყოფილვარ. ამდენად, მე არ ვიცი რას უწოდებთ ოპოზიციაში გადასვლას. ჯერ არავითარი გეგმები არ მაქვს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button