კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ამავე დროს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეა, დღეს გამართულ პრეს-კონფერნციაზე ყაზახეთში და ყირგიზეთში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, სადაც 10-15 ოქტომბერს ვიზიტად იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო აზერბაიჯანში და უზბეკეთში ჩასვლაც, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტები დროებით გადაიდო.
სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ვიზიტისას მაჰმადიანი მესხების შესახებ მონაცემთა ბაზა, არქივები დაათვალიერა და ასევე პირადად გამართა შეხვედრები მოსახლეობასთან.
“ყირგიზეთში და ყაზახეთში ამ ადამიანებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი ნორმალური ცხოვრებისათვის და არ ირღვევა მათი უფლებები… ამ ადამიანების ძირითადი მოთხოვნა არის საქართველოში მათი უფლებების აღდგენა“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
მისი თქმით, რეპატრიაციის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია და იგი ერთ-ორ წელიწადში ვერ განხორციელდება. თუმცა, ხაინდრავამ იქვე დასძინა, რომ 2006 წლიდან შესაძლებელი გახდება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თემურ ლომსაძის განცხადებით, რომელიც მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობს, ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ცენტრის მიერ აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, უკრაინაში, აშშ-ში და უზბეკეთში მაჰმადიანი მესხების მიახლოებითი რაოდენობა განისაზღვრა, რაზეც დაახლოებით 400 ათასი ევრო დაიხარჯა. გამოკვლევის შედეგები შემდეგნაირია:
ყაზახეთში – 110-120 ათასი
ყირგიზეთში – 45-50 ათასი
რუსეთის ფედერაცია – 55-60 ათასი
თურქეთში – 35 ათასი
უკრაინა 9-10 ათასი
აშშ-ში 1 500 – 2 ათასი
უზბეკეთი – 25-30 ათასი
მაჰმადიანი მესხები საქართველოდან 1944 წელს საბჭოთა რეჟიმის დროს გადაასახლეს, ხოლო მათი რეპატრიაციის ვალდებულება საქართველომ ევროპის საბჭოს წინაშე 1999 წელს, ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო.