მთავრობამ პარლამენტს 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაიწყო მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, რომელიც 2005 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 17%–ით, ხოლო ხარჯვით ნაწილს 12%–ით აღემატება. 2006 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტი კვლავ თავდაცვის სფერო რჩება განათლებისა და ენერგეტიკის სექტორებთან ერთად.
2006 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5 პროცენტით გაიზრდება და 12.9 მლრდ ლარს გადააჭარბებს. პროგნოზული შეფასებებით ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა კი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1.85 ლარი უნდა შეადგინოს, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში 5% უნდა იყოს.
პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2,9 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 140.1 მლნ ლარი გრანტებზე მოდის. 2006 წლისთვის პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით 333 მლნ ლარი იგეგმება.
რაც შეეხება მომავალი წლის საბიუჯეტო ხარჯებს, იგი 3,2 მლრდ ლარს შეადგენს. დეფიტიცის დაფინანსების წყაროებზე კი 254, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომლის ნაწილიც მსოფლიო ბანკის მიერ გამოსაყოფი გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტით დაიფარება, ხოლო მეორე ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი 217 მლნ ლარის ოდენობის საინვესტიციო კრედიტებით.
ხარჯებში პრიორიტეტი, ბოლო წლების მსგავსად, კვლავ თავდაცვის სფეროს ენიჭება, რომლის რეფორმირებაზეც გამოყოფილმა დაფინანსებამ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3%–ს გადააჭარბა. ნატოს სტანდარტებით თავდაცვის სისტემაზე მშპ–ს 2%–ია გათვალისწინებული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილია 392,6 მლნ ლარი, რაც 24,5 მლნ ლარით აღემატება 2005 წლის დაფინანსებას. თუმცა ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ზოგადი ჩანაწერია იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებებზე დაიხარჯება თავდაცვის სახსრები.
კერძოდ, საუბარია პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის შენახვის; სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდის; 2006 წელს დასათხოვნ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დახმარებების; შეიარაღებული ძალების სტრუქტურის დახვეწის; სამობილიზაციო რეზერვის მომზადების; სამხედრო შენაერთების ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით ოპტიმალური დაკომპლექტების; პროფესიული კადრების აღზრდის, შენარჩუნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების; ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით სამხედრო-სასწავლო პროგრამებისა და საველე წვრთნების ინტენსივობის ზრდისა და სამხედრო მარაგების შექმნის ხარჯებზე.
ასევე გათვალისწინებულია ერაყში და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებისა და საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლისათვის ასევე მკვეთრად, 59,5 მლნ ლარით ეზრდება დაფინანსება, რაც 221,5 მლნ ლარს შეადგენს.
ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგაციის მიზნებს მოხმარდება 40,8 მლნ ლარი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არის გამოყოფილი. 2006 წლისათვის დაგეგმილია საზღვარგარეთ 7 ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა.
286,3 მლნ ლარამდე იზრდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, რაც 2005 წლის პარამეტრს 210, 8 მლნ ლარით აღემატება. მომავალ წელს 126 მლნ ლარით მეტს მიიღებს ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 708,7 მლნ ლარი.
დაფინანსება ეზრდებათ ასევე შემდეგ სამინისტროებს: იუსტიციის სამინისტრო – 45,5 მლნ ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 45,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 74,2 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 43,2 მლნ ლარი; კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 489 ათასი ლარი ; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის აპარატი – 587.6 ათასი ლარი; რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 464.3 ათასი ლარი.
თუმცა მომავალ წელს 2005 წელთან შედარებით ოდნავ მცირე თანხებს მიიღებენ: ენერგეტიკის სამინისტრო – 247,5 მლნ ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – 676,8 მლნ ლარი (117, 6 მლნ ლარით ნაკლები მიმდინარე წელთან შედარებით, თუმცა ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს ფინანსურ პოლიციას დაფინანსება 3,2 მლნ ლარით ეზრდება); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – 167,5 მლნ ლარი; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 60,2 მლნ ლარი; და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 211.1 ათასი ლარი.
საავტომობილო გზების მოვლის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის 2006 წელს გათვალისწინებულია 119,6 მლნ ლარი, რის ფარგლებშიც დამთავრდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მცირედით იზრდება სასამართლო სისტების დაფინანსებაც. წლევანდელთან შედარებით 5 მლნ ლარით მეტს – 20,5 მლნ ლარს – მიიღებს საქართველოს პროკურატურა.
2006 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო საგრძნობლად ეზრდება დაფინანსება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს.
საშინაო ვალის მომსახურებაზე 2006 წლის ბიუჯეტის პროექტში 155,6 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის დიდი წილიც დაგროვილი დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება, ხოლო საგარეო ვალის მომსახურებაზე 237,2 მლნ ლარია გათვალისწინებული. ტერიტორიული ბიუჯეტები კი, მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები, 2006 წლის განმავლობაში 114,2 მლნ ლარს მიიღებენ.
მომავალი წლისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 15,0 მლნ ლარით, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი 10,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2005 წლის დასასრულამდე ამ ფონდებიდან გაწეულ ფაქტიურ დანახარჯებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია.
2006 წლის ბიუჯეტს პირველად ახლავს თან სამწლიანი საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაც 2007–2009 წლების ბიუჯეტებში ზრდის ტენდენციები შენარჩუნებულია.