Placeholder canvas
ახალი ამბები

მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების გეგმები დაპირისპირებას იწვევს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები 16 ოქტომბერს ფილარმონიაში შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ აკადემიის რეფორმირებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გეგმების წინააღმდეგ.


რეფორმირების გეგმა ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს აკადემიის დაფინანსებაში, რაც განათლების მინისტრის კახა ლომაიას თქმით, ბოლოს მოუღებს “კორუფციას“ აკადემიაში და უფრო გამჭირვალეს გახდის მას. ცოტა ხნის წინ აკადემიის თანამშრომელთა წინააღმდეგ თანხების გაფლანგვის მოტივით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


თუმცა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე და აკადემიის სხვა წევრები აცხადებენ, რომ რეფორმა “საქართველოში მეცნიერებას დაასამარებს“. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა – მათ შორის პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ – მხარი დაუჭირეს მეცნიერებათა აკადემიას და ხელისუფლება დაგეგმილი რეფორმების გამო გააკრიტიკეს. აკადემიამ საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მხარდაჭერაც მოიპოვა, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებას სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს.


16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე აკადემიის წევრებმა მიმართეს პრეზიდენტ სააკაშვილს და განათლების მინისტრის კახა ლომაიას გადადგომა მოითხოვეს.


მიუხედავად ამ პროტესტისა, ხელისუფლება მაინც აპირებს რეფორმების განხორციელებას. დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერიამ გასულ კვირას პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ “რეფორმა მაინც განხორციელდება, რათა შეიცვალოს ამჟამინდელი აკადემია, რომელიც საბჭოური წარსულის ერთ-ერთი გადმონაშთია“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button