აშშ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებში პროგრესს მოითხოვს

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 13 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მეტი პროგრესი იხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში, იტყობინება  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიურო 14 ოქტომბერს.


“ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მოვიდა დრო ახალი ენერგიით,  ერთიანი ძალისხმევით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეულ იქნას შეთანხმება ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის თაობაზე“, – განაცხადა ელჩმა ფინლიმ.


მან ასევე დაგმო 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის ფაქტი, რასაც შედეგად სამოქალაქო პირების დაშავება მოჰყვა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს მხარდაჭერას კონფლიქტის “მხოლოდ მშვიდობიანი გზით“ მოგვარებისადმი.


მან ასევე დაგმო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩატარებული სამხედრო აღლუმი, რომელიც თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა. აშშ-ს ელჩის თქმით, “კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის აშკარა ფაქტია, რაც თავიდან უნდა იქნა აცილებული პასუხისმგებელ მხარეთა მიერ“.


ფინლიმ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის ქმედებებზე, კერძოდ ქართველი სამშვიდობო ძალების გამოყენებით ტრანსკავკასიული მაგისტრალის გადაკეტვაზე, და აქვე მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც არსებულ შეთანხმებებს არღვევენ და კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ქმედებებს ართულებენ.


აშშ-ს ელჩმა მოუწოდა რუსეთს “თავიდან აიცილოს შემდგომი დაძაბულობა და ხელი შეუწყოს ცხინვალსა და თბილისს შორის პირდაპირ დიალოგს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რაც ამ ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად“.


მან ასევე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მოუწოდა რა მხარეებს გაარმოგონ კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული მცდელობები.


მისი თქმით, მხარეებმა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელების, ან დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობის გზით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version