რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშინინის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 13 ოქტომბერს.
“ჩვენ ისევ უნდა გადავხედოთ ჩვენ მიდგომებს“, – განაცხადა ვალერი ლოშინინმა საქართველოს პარლამენტის მიერ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების კომენტირებისას.
“ჩვენ ამას [დადგენილებას] უარყოფითად ვაფასებთ და განვიხილავთ, როგორც მოუფიქრებელ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ქართული მხრიდან“, – განაცხადა ლოშინინმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბევრი რამ გაკეთდა.
“პრინციპულად გადაწყდა [რუსული] სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი. თითქოს ამას კარგი ატმოსფერო უნდა შეექმნა… და ამ პოზიტიურ ფონზე – უცებ ასეთი ქმედება [რუსი სმაშვიდობოების შესახებ პარლამენტის დადგენილება], ასე არ გამოდგება“, – დასძინა ლოშინინმა.
პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილება ავალებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.