ბაღაფში აფხაზეთის ეკონომიკასა და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 6-7 ოქტომბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკას სტუმრობდა, მოუწოდა ადგილობრივ ბიზნესმენებს ინვესტიციები ჩადონ აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიაში, თან იქვე დასძინა, რომ რეგიონის ხელისუფლებას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


ბაღაფში სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. შეხვედრას ასევე დაესწრო ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი მუსტაფა ბატდიევი, იტყობინება “რეგნუმი“.


“დღეს ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეებიისა, სიტუაცია აფხაზეთში სტაბილურია და სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტიციებისთვის. წელს, პირველად ომის შემდეგ [1992-1993] 1,1 მილიონი ტურისტი ეწვია აფხაზეთს. შედარებისთვის, გასულ წელს მხოლოდ 200,000 ტურისტი იმყოფებოდა აფხაზეთში“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, ასევე იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი. “2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 800,000 [რუსულ] რუბლს შეადგენს [დაახლოებით 28 მილიონ აშშ დოლარს]. 2007 წლისათვის ბიუჯეტი 1,2 მილიარდ რუბლამდე [42,1 მილიონ აშშ დოლარამდე] გაიზრდება“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.


მან ასევე გააკეთა კომენტარი რეგიონის დემოგრაფიულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ბევრი ეთნიკური აფხაზი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთში ცხოვრობენ, თავს იკავებს უკან დაბრუნებაზე რეგიონში რთული ეკონომიკური ვითარების გამო.


“ამჟამად რესპუბლიკაში 70 ათასზე ნაკლები აფხაზი ცხოვრობს“, – განაცხადა ბაღაფშმა.


მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება “პრობლემა არ იქნება“ ყარაჩაი-ჩერქეზეთის იმ მოსახლეობისთვის, ვისაც სურვილი ექნება აფხაზეთში გადავიდეს საცხოვრებლად. მისი თქმით, შესაძლებელია ბინის ყიდვა, ან ახალი საცხოვრებელის სახლის აშენება აფხაზეთში. თუმცა, აქვე დასძინა, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილის მოძებნა იქნება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version