ადამია რუსეთს თვითგამოცხადებული რეგიონების შეიარაღების გამო აკრიტიკებს

საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში რევაზ ადამიამ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შეიარაღების გამო გააკრიტიკა და მოსკოვის მიერ “აგრესიული სეპარატიზმის“ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიის ანექსია უწოდა.


რევაზ ადამია 7 ოქტომბერს მოხსენებით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სხდომის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე.


“ორივე რეგიონში მილიტარიზაციის აგრესიული პროცესი მიმდინარეობს. რაც ყველაზე ცინიკურია, სეპარატისტული ანკლავები სამხედრო ტვირთებს ჩვენი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისგან იღებენ … შედეგად, ამ ტერიტორიებზე დაგროვდა იარაღისა და საბრძოლოს მასალის შთამბეჭდავი რაოდენობა, რომელიც არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად არ აისახება ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ გაეროს რეესტრში“, – განაცხადა რევაზ ადამიამ.


საქართველოს წარმომადგენელმა გაიხსენა 20 სექტემებრს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “დამოუკიდებლობის დღის“ აღვნიშვნა, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებამ, ადამიას თქმით, სამხედრო აღლუმზე გამოიყვანა: 3 ჰაუბიცა (2 S1), 4 ტანკი (T-55), ჯავშანტექნიკის 4 ერთეული (BTR-70), 3 საბრძოლო ჯავშან მანქანა (BMP-2), 3 120 მმ ნათმტყორცნი და 3 ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი ZU 23-2.


“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების – რაც ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს –  დებულებების და პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა რევაზ ადამიამ.


მისი თქმით, “რუსეთის სამხედროებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების“ მიერ მხარდაჭერილი “სეპარატისტული რეჟიმები“ იძლევიან შესაძლებლობას, რომ “ტერორისტულმა ჯგუფებმა შეისყიდონ იარაღი და მასობრივი განადგურების იარაღიც კი“.


მან ასევე გაიხსენა ტერორისტული აქტი ბესლანში და აღნიშნა, რომ იმ ტერორისტებს, რომლებიც სკოლაში განხორციელებული ტერორისტული აქტის უკან იდგნენ, შესაძლოა  ქალაქში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეღწიათ, “რადგანაც იტყოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში აპირებდნენ გადასვლას“.


“ფაქტიურად, ის რაც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ხდება სხვა არაფერია, თუ არა ანექსია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საშუალებებით ეფექტური კონტროლის დამყარებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version