ხაინდრავა: მოსკოვი არ იჩენს ინტერესს ცხინვალის ინციდენტის გამოძიების მიმართ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, რუსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს არ აქვთ სურვილი გამოძიებულ იქნას 20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქების ფაქტი მაშინ, როცა საქართველო დაჟინებით მოითხოვს მომხდარის გამოძიებას.


“ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ დაინტერესებას ვერც რუსული და ვერც ოსური მხრიდან გამოძიებულ იქნეს ეს ინციდენტი და გამოვლინდნენ დამნაშავეები“, – იუწყება 29 სექტემბერს “ინტერფაქსი“ გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, თბილისს აქვს მონაცემები, რომ ცხინვალის დაცხრილვა სპეციალურად იყო მოწყობილი , “რათა ქართული მხარე არასახარბიელო კუთხით წარმოჩინებულიყო“.


ხაინდრავას თქმით, 28 სექტემბრის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშინინმა არ დაუდასტურა ლოშინინზე დაყრდნობით საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა, თითქოს რუსულ მხარეს ჰქონოდა იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ცხინვალზე იერიში ქართულმა მხარემ მიიტანა.


გიორგი ხაინდრავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ცხინვალის ინციდენტის გამოძიებით და მზადაა გამოძიება ქართველი სამხედრო ექსპერტების გარეშე, ნეიტრალური ექსპერტების მონაწილეობით წარიმართოს.


გიორგი ხაინდრავა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 28 სექტემბერს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც შეხვედრები გამართეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილევალერი ლოშინინთან.  

Exit mobile version