თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დღეს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს“.
ედუარდ კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ 20 სექტემბერს “პროვოკაციები კონფლიქტის ზონაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენის შემდეგ დაიწყო, ხოლო ქალაქის [ცხინვალის] დაცხრილვას პაატა ბედიანაშვილი [ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობოების სარდალი] ხელმძღვანელობდა“.
“ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ჩვენებები… მე მინდა განვაცხადო, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პაატა ბედიანაშვილის წინააღმდეგ“, – იუწყება 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, თუ ქართული მხარე კონფლიქტის დარეგულირების პროცესის გაგრძელებას აპირებს, მაშინ “ჩვენის მხრივ ვთვლით, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სტატუსი უნდა ამაღლდეს. შსკ–ში უნდა შედიოდნენ უფრო მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები”.
“ჩვენ არ ვაპირებთ სამშვიდობო პროცესიდან გადახვევას, პირიქით ჩვენ მზად ვართ უფრო აქტიური, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ღია და სამართლიანი თამაში“, – განაცხადა კოკოითმა.
თავის მხრივ როი რივმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის აუცილებელია ედუარდ კოკოითის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა.
როი რივის თქმით, ეუთო და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ შერეული საკონტროლო კომისიის არსებულ ფორმატს და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.