27 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2005 წლის საბიუჯეტო ცვლილებების კენჭისყრის არაუგვიანეს 14 ოქტომბრამდე გადავადების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მთავრობის მოთხოვნამ, რათა ბიუჯეტის პროექტში დამატებითი შენიშვნები იქნას გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბიუჯეტის მატების ტენდენციისა, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების “კანონიერ“ ხარჯვასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და დამკვირვებლებს შორის ეჭვები გაჩნდა.
2005 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, 2,7 მლრდ ლარიანი ბიუჯეტი შემოსავლებისა და ხარჯვით ნაწილში დამატებით 26 მილიონი ლარით იზრდება. ხელისუფლების თქმით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების ზრდით.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ისევე როგორც წინა პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებში, ხარჯებში პრიორიტეტი ძალოვან სტრუქტურებს ენიჭებათ. კერძოდ, 26 მილიონი ლარიდან თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 6,4 მილიონ ლარს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 2,1 მილიონ ლარს.
ენერგეტიკაზე გათვალისწინებულია 4,1 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე 3,5 მლნ ლარი, კულტურის სფეროზე 2,3 მლნ ლარი, განათლების სფეროზე 1,8 მლნ ლარი. ამასთან, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინანსება 3,9 მილიონი ლარით იზრდება.
თუმცა მთლიანი ხარჯების ზრდის მიუხედავად, 826 ათასი ლარით მცირდება სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები, ხოლო სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების დაფინანსება 88 ათასი ლარით იკლებს.
“კონსერვატიული“ პარტიის ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით, მთავრობა საკუთარი დაფინანსების გაზრდაზე (საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინანსება 3,9 მილიონი ლარით იზრდება) ზრუნავს და “მოსახლეობის კეთილდღეობა ნაკლებად აღელვებს, რადგან წელს ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება და მოსახლეობა ამ სიკეთეს თავის თავზე ვერ გრძნობს“.
საბიუჯეტო ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს ასევე ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის, “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებმა, იმ “არამიზნობრივად“ და “კანონდარღვევით“ გაწეული ხარჯების გამო, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან იქნა გაწეული. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ კრიტიკას რეალური საფუძველი არ გააჩნია.
“რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტაცია საბიუჯეტო ცვლილებებს აფასებს არა ბიუჯეტის რეალურ ზრდად, არამედ უკვე გადახარჯული სახსრების ლეგალიზაციის მცდელობად. “სინამდვილეში თანხები, რომლებიც ვითომც დღეს ემატება სხვადასხვა უწყებებსა და პროგრამებს დიდი ხანია დახარჯულია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობის მიერ პარლამენტის გვერდის ავლითა და უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებით”,– ნათქვამია “რესპუბლიკელების” მიერ გავცელებულ განცხადებაში.
“რესპუბლიკელთა“ მტკიცებით, 2005 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან კანონმდებლობის უხეში დარღვევით გაცემულია 35,2 მლნ ლარი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 35,8 მლნ ლარი.
“შემოთავაზებული 26 მილიონიანი ცვლილებებით ხდება იმ უკვე გაწეული ხარჯების ლეგიტიმაცია, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან არამიზნობრივად და შესაბამისად, კანონის დარღვევით იქნა დახარჯული“,– აცხადებს “რესპუბლიკელი“ დეპუტატი ივლიანე ხაინდრავამ.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების აღნიშნულ სქემას ადგილი ჰქონდა გასულ წელსაც, რაც უკვე “არასასურველი ტენდენციის სახეს იძენს“.
“ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ხაზინის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, 2005 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას პრეზიდენტის ფონდი 10 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა წლის პირველ კვარტალში ფაქტობრივმა ხარჯმა უკვე 19,2 მილიონი ლარი შეადგენდა, რის გამოც პრეზიდენტის ფონდი მაისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით 25 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ახალი პროექტით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 15 მილიონი ლარით ნაცვლად არსებული 25 მილიონი ლარისა, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 10 მილიონი ლარით ნაცვლად 20 მილიონისა.
“ასეთი შემცირება შესაძლებელია მხოლოდ გაწეული ხარჯების სხვა ორგანიზაციებზე პოსტ–ფაქტუმ გადანაწილების ხარჯზე, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებად მიგვაჩნია“, – ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნაში.
აქვე “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ “საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონში განსაზღვრულია სიტუაციები, როცა პრეზიდენტის ფონდიდან შესაძლებელია სახსრების გამოყოფა. “მაგალითად, ეს არის ტსიქიური მოვლენები და სხვა ფორსმაჟრული სიტუაციები, მაგრამ, როცა ფონდიდან სახსრები დეპუტატების სამივლინებო ხარჯების დასაფარად გამოიყოფა, ეს კანონის ჩარჩოებში არ ჯდება“, – აცხადებენ “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში ახალგაზრდა ეკონომისტები.
თუმცა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრი შოთა გვენეტაძე განმარტავს, რომ ფონდების სფეციფიკიდან გამომდინარე ბიუჯეტის კანონში მუხლობრივად ვერ აისახება ის შესაძლო ხარჯები, რაც ფონდებიდან სხვადასხვა საჭირობებზე უნდა გადანაწილდეს.
“ამდენად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხები აბსოლუტურად შესაბამისობაშია კანონთან და ვინც საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, ის უბრალოდ ჩახედული არ არის საბიუჯეტო საკითხებში“, – აცხადებს შოთა გვენეტაძე.
მისი თქმით, უკანონობას ადგილი ექნებოდა მაშინ, თუ პარლამენტი უარს იტყოდა მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიღებაზე და ამით ფონდებიდან გაწეული დანახარჯების ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში გაწერას შეუშლდა ხელს.
მიმდინარე წელს მთავრობამ ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით უკვე მესამედ მიმართა საკანონმდებლო ორგანოს – აპრილში ზრდამ 446 მლნ ლარი, ხოლო მაისში – 86 მლნ ლარი შეადგინა.