ცხინვალი და თბილისი რუსი შუამავლის მეშვეობით ურთიერთობენ

რუსმა დიპლომატმა ვალერი კენიაიკინმა, რომელიც ცხინვალსა და თბილისს შორის შუამავლის როლს ასრულებს, 23 სექტემბერს განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები იმედისმომცემია. თუმცა, გაურკვეველია, როდის განაახლებენ ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები მოლაპარაკებებს იმ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვას მოყვა. ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო საბჭო, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას კოორდინირებას გაუწევს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავების შემდეგ გამოაგზავნა, რათა ეჩვენებინა სამშვიდობო პროცესში მოსკოვის წამყვანი როლი. 22 სექტემბერს მას შემდეგ, რაც ვალერი კენიაიკინი თბილისში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას შეხვდა, იგი ცხინვალში გაემგზავრა და სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გამართა მოლაპარაკებები.


“კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია მარტივი არ არის. ის საკმაოდ რთულია. ვითარება განსაკუთრებით ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ  გართულდა. ამასთან მიმართებაში, ედუარდ კოკოითმა მთხოვა ზოგიერთი იდეა და ჩანაფიქრი [საქართველოს პრემიერ-მინისტრს] ზურან ნოღაიდელს გადავცე… ჩვენ ვმუშაობთ და არის პერსპექტივები, რომ სამშვიდობო პროცესი არ შეწყდება. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. შერეული საკონტროლო კომისია არის და იქნება სიტუაციის სტაბილიზაციის რეალური იარაღი“, – განაცხადა კენიაიკინმა 23 სექტემბერს კოკოითთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


ედუარდ კოკოითმა ცხინვალის პოზიცია საამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გააჟღერა.


კოკოითმა საქართველოსგან “უსაფრთხოების სოლიდური გარანტიები“ მოითხოვა და თბილისი 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველომ უნდა “გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [მისი სამიზნე] მშვიდობიანი მოსახლეობა იყო“.  კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მხარეს ამ ინციდენტის შემდეგ მოუწევს შეწყვიტოს მუშაობა შსკ-ს ფარგლებში.

სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით კი კოკოითმა განაცხადა, რომ “სამშვიდობოებზე [პოლიტიკური] თავდასხმები [ქართული მხარის მიერ] და ნატოს წევრი ქვეყნების შეირაღების გამოყენება დაცხრილვის დროს ადასტურებს ქართული მხარის მცდელობას გამოაძევოს რუსეთი [სამშვიდობო პროცესიდან] და იმ ფაქტს, რომ [საქართველოს]  არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება.”


რუს დიპლომატსა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის 23 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების დეტალები უცნობი რჩება. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური სააკორდინაციო საბჭო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ქართული მხარის პოლიტიკის კოორდინაციას განახორციელებს. იგი ასევე მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


“ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები. გადავწყვიტეთ შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო… ეს ჯგუფი კოორდინაციას განახორციელებს ყოველ წუთს და ყოველ დღე, რათა – მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სეპარატისტული მხარე პროვოკაციულად უარს აცხადებს დიალოგზე – ვაიძულოთ ისინი [სამხრეთ ოსეთის მხარე], რომ წამოვიდნენ დიალოგზე,  ვაიძულოთ ისინი, რომ განიხილონ [კონფლიქტის] მშვიდობიანი მოგვარების საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრები იქნებიან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, ხოლო უხელმძღვანელებს მას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.


პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თავი შეიკავოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისგან“.


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები – ამერიკელები მზად არიან ჩაერთონ ამ [სამშვიდობო] პროცესში, [მნიშვნელოვანია], რომ ისინი მხარს უჭერენ სამშვიდობო დიალოგს და სამშვიდობო პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ გაისმა მოწოდება, რომ შეწყდეს სეპარატისტების მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის  მიერ სეპარატისტების მხარდაჭერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თუმცა, სააკაშვილმა არ გააკეთა კომენტარი განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ცხინვალის დაცხრილვას 20 სექტემბერს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს “გადადგას ნაბიჯები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნის დემონსტრირებისთვის და დაუყონებლივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის უკან დგანან”.    


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ინციდენტს შერეული სამშვიდობო ძალები იძიებს. ეუთო კი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების პროცესს და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მხარეებისგან გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

Exit mobile version