საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტი სამშვიდობოებზე დადგენილების პროექტს ამზადებს

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დავალების შესაბამისად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მოამზადა იმ დადგენილების პროექტის პირველადი ვარიანტი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მისიებს შეეხება.


წინასწარი ინფორმაციით, დადგენილებაში არ იქნება მოთხოვნა რუსი სამშვიდობოების მიერ კონფლიქტის ზონების დატოვების თაობაზე, თუმცა მკაცრად გაესმევა ხაზი, სამშვიდობოების მხრიდან თავიანთი რეალური ფუნქციის შესრულების აუცილებლობას.


დადგენილების პროექტში ასევე საუბარი იქნება საქართველოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე რუსული პასპორტების გაცემაზე, სეპარატისტულ რეგიონებში თანამდებობებზე რუსეთის მოქალაქეების დანიშვნაზე, საზღვრების, მათ შორის როკის გვირაბის, ერთობლივ გაკონტროლებაზე, კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


დადგენილების პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციების ფონზე ამზადებს.


“ბაზებზე მიღებული დადგენილების მსგავსად, რომელიც შესრულდა, ამ დადგენილების პროექტის ირგვლივაც თანხმობა უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მისი იმპლემენტაცია ქმედითი გახდეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა.


მისი თქმით, დადგენილებაში აქცენტი გაკეთდება ასევე ბოლო დროს კონფლიქტის ზონებში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის ფაქტებსა და რუსეთის ორმაგ პოლიტიკაზე, რომელიც ის სამშვიდოებოების მეშვეობის კონფლიქტის ზონებში ახორციელებს.

პარლამენტი დადგენილებას სავარაუდოდ 27 სექტემბერს მიიღებს.

Exit mobile version